მიანმარში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტი დენ ფენსტერი გაათავისუფლეს
მიანმარში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტი დენ ფენსტერი გაათავისუფლეს. ჟურნალისტი ამჟამად დოჰაში იმყოფება. ფენსტერის თქმით, ის თავს ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობს. ჟურნალისტი მიანმარის მმართველი სამხედრო ხუნტასა და ყოფილი ამერიკელი დიპლომატის ბილ რიჩარდსონის მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს.
„თავს დიდებულად და ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობ გზად სახლისკენ. წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ ყველაფრის გამო, რაც ბილმა გააკეთა“, – აღნიშნა მან.
დენ ფენსტერს 12 ნოემებრს მიანმარის სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 37 წლის ფენსტერი ჟურნალ Frontier Myanmar-ის მმართველი რედაქტორია. ის დამნაშავედ ცნეს საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევასა და წაქეზებაში, ასევე უკანონო გაერთიანებების შესახებ კანონის დარღვევაში.
ფენსტერი ერთ-ერთია ათობით ჟურნალისტს შორის, რომლებიც მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს დააკავეს. ფენსტერის განცხადებით, მიანმარში დაკავებული ჟურნალისტების გასათავისუფლებლად ძალისხმევა გაგრძელდება.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება მიმდინარე წლის თებერვალში განხორციელდა.