მიანმარის ლიდერი როჰინჯას ხალხის გენოციდს უარყოფს, – ამის შესახებ აუნ სან სუ ჩიმ ჰააგაში, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მიანმარის არმია ქვეყანას შეიარაღებული მეამბოხეებისგან იცავდა.
მან აღნიშნა, რომ გენოციდის შესახებ ბრალდება ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს არ ასახავს და საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
მიანმარის ლიდერის სიტყვებით, დღეს მის ქვეყანაში შიდა შეიარაღებულ კონფლიქტია, რადგან 2016 წელს მეამბოხეები პოლიციის განყოფილებებს თავს დაესხნენ, საპასუხოდ ხელისუფლებამ ვითარების გასანეიტრალებლად არმია ჩართო.
2019 წლის ნოემბერში გამბიის იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მან მიანმარის ხელისუფლება ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფის, როჰინჯას ხალხის გენოციდში დაადანაშაულა.
გამბიის სარჩელი გაერო-ს ექსპერტების მიერ შედგენილ დასკვნას ეფუძნება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიანმარში მცხოვრები 600 ათასი როჰინჯა გენოციდის საფრთხის წინაშე იმყოფება. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯარისკაცებმა ათასობით ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს ქალები, ბავშვებს კი უხეშად ექცეოდნენ.
გაერო-ს მონაცემებით, დევნის შიშის გამო მიანმარი 740 ათასმა როჰინჯამ დატოვა და თავი მეზობელ ბანგლადეშსს შეაფარა.