მგზავრთა სიმრავლის გამო, ზაფხულის სეზონზე საქართველოს რკინიგზა ხუთ ახალ რეისს ამატებს
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით ხუთ ახალ რეისს ამატებს.
საქართველოს რკინიგზა ინფორმაციით, 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ყოველდღიურად შესრულდება ხუთი რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის „შტადლერის“ რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც „შტადლერის“ ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე – ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი.
„მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგის ნახვა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets). ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.