მგზავრობის საფასურის გამარტივებული გადახდისთვის ბრენდირებული QR-კოდები ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ
თბილისის მერმა, კახა კალაძემ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შეთავაზებულ მგზავრობის ღირებულების QR-კოდით გადახდის ინოვაციურ სერვისზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და დაინტერესებულ ტაქსის მძღოლებს სერვისის გამოყენების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა.
კახა კალაძის თქმით, მგზავრობის საფასურის გადახდის გამარტივების მიზნით შეთავაზებული სერვისის მიღებას A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, სურვილის შემთხვევაში, 22 მაისიდან შეძლებენ.
„წინა მთავრობის სხდომაზე გაგაცანით სიახლე, რომელიც ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის მომსახურების ღირებულების QR-კოდით გადახდის სწრაფი და ინოვაციური სერვისის შეთავაზებას, რომელიც კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. ეს შეიძლება არა მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იყოს განსაზღვრული, არამედ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც, თუმცა ისინი ძირითადად აპლიკაციით მუშაობენ.
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ QR-კოდი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის. შეიძლება, ადამიანს არ ჰქონდეს ხელზე თანხა და ის ამ დროს ბარათით საფასურის გადახდას მარტივად შეძლებს ამ QR-კოდის საშუალებით. ტაქსის მძღოლი კი მომენტალურად მიიღებს თანხას თავის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული QR-კოდების გაცემა შესაძლებელი იქნება 22 მაისიდან, შეგიძლიათ მობრძანდეთ თბილისის მერიის სამგორისა და გლდანის მუნიციპალურ სერვისცენტრებში (ჟ.შარტავას ქ. N7; მოსკოვის გამზირი N14; დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ), სადაც იქნებიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ყველანაირად დაგეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.