„მგზავრებმა" და „ქუთაისმა" მოიგეს, არც ერთი ფინალისტი ცნობილი არ არის
მინიმუმ ერთი მატჩით გაგრძელდა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის ნახევარფინალური სერია მოქმედ ჩემპიონ “დინამოსა” და “მგზავრებს” შორის.
“დინამომ” პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად – 85:74 და 84:75 მოიგო და მესამე მატჩშიც ფავორიტი იყო. თუმცა “მგზავრებმა” სამი მეოთხედი თანაბრად ებრძოლეს მეტოქეს და ბოლო მეოთხედში გატეხეს მისი წინააღმდეგობა.
ლიდერი შეხვედრაში 17-ჯერ შეიცვალა, ხოლო ცხრაჯერ იყო ანგარიში თანაბარი.
რაც შეეხება მეოთხე მეოთხედს, ის “მგზავრებმა” 20:13 მოიგო, ამის ხარჯზე გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში შეამცირა – 1:2.
“მგზავრების” ხუთმა კალათბურთელმა მინიმუმ 10 ქულა დააგროვა. მათგან საუკეთესოები იყვნენ ადრიან ბოუი (15 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი) და ბერნარდ ნკალი (14 ქულა, 16 მოხსნა), რომლებმაც ორმაგი დუბლები მიითვალეს.
პარასკევს ასევე გაიმართა მეორე ნახევარფინალურ წყვილში მეოთხე შეხვედრა. “რუსთავმა”, რომელიც 2:1-ს უგებდა სერიაში “ქუთაისს”, ვერ შეძლო შინ მესამე მატჩის მოგება და ფინალში გასვლა.
“ქუთაისმა” პირველ ტაიმში 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე – 74:63.
სერიაში ანგარიში 2:2 გახდა და ყველაფერი მეხუთე მატჩში, ქუთაისში გადაწყდება.
“მგზავრებისა” და “დინამოს” მეოთხე მატჩი 19 მაისს გაიმართება, “ქუთაისი” და “რუსთავის” მეხუთე მატჩი – 20 მაისს.