მგალობლიშვილის ქუჩაზე „ჯივიპიმ“ დაზიანებული მილი აღადგინა და მოსახლეობას წყალი მიეწოდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღსადგენად სამუშაოები დაასრულა.
„ჯივიპის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, შეიცვალა მილის დაზიანებული მონაკვეთი და წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, დღეს დილის 07:00 საათიდან სრულად აღდგა.
ამ ეტაპზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაგებაც დასრულებულია და საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩის კვეთაზე ცენტრალური მაგისტრალური მილი გუშინ დაზიანდა. დაზიანდა ქუჩაზე მდგარი ორი ავტომობილი. ამასთან, წყალმა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფები დატბორა.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო ნატროშვილმა მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა, მიმდინარეობს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ხდება ზარალის მოცულობის შეფასება და სწორედ შეფასებიდან გამომდინარე მოხდება ზარალის აღდგენა.