მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული
ახალგაზრდა მამაკაცს, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ადგილზე ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა. მისი თქმით, მამაკაცს სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული და სხეულის 65 პროცენტის დამწვრობა აქვს მიღებული. მისი თქმით, აღნიშნული მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.
ამასთან, დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გურამიშვილის გამზირზე, აფეთქების ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში ოთხი პირი გადაიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.