მეწყრის შედეგად ნეპალში ორი ავტობუსი მდინარეში გადავარდა, მაშველები 70-მდე ადამიანს ეძებენ
ნეპალში მეწყრის შედეგად მდინარეში ორი ავტობუსი გადავარდა, რომლებშიც, ჯამში, 66 ადამიანი იმყოფებოდა.
„ბიბისი“ წერს, რომ ერთ ავტობუსში – 24, ხოლო მეორეში 42 მგზავრი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან შვიდი ინდოეთის მოქალაქეა.
მდინარე ტრიშულის ადიდება გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და ნალექის დასრულებამდე თავი შეიკავონ შორ მანძილზე გადაადგილებისგან.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მდგომარეობას ის ართულებს, რომ სტიქიის ზონამდე მისასვლელი გზები მეწყრის გამო ჩახერგილია.