მეწყერის ჩამოწოლის გამო, ქუთაისი-ალპანის გზაზე მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია
ამ დრომდე შეფერხებულია მოძრაობა ქუთაისი-ალპანის საავტომობილო გზაზე. დაახლოებით ცხრა საათის წინ მეწყერი ჩამოწვა სოფელ მოლეკურასთან. ადგილზე გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მეწყერული მონაკვეთი იმ ტერიტორიას ესაზღვრება, სადაც „ნამახვანი ჰესი“ უნდა აიგოს.
რიონის ხეობის მცხოვრებლების ნაწილი საფრთხეებზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყრულად და სეისმურად აქტიურ ზონაში ჰესების კასკადის აგება დაუშვებელია.
„ჩვენ ვართ ქუთაისი-ალპანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ მოლეკულაში, სადაც დაახლოებით ცხრა საათის წინ ჩამოვიდა ეს მეწყერი გზაზე და გადაკეტა მოძრაობა. ხედავთ, რომ გზაზეც არის ავტომობილების კოლონა. ეს არის ადგილი, რომელიც უშუალოდ შეტბორების არეალში ყვება ჰესის აშენების შემთხვევაში. ამაზე ვამახვილებთ ხოლმე ჩვენ ყურადღებას და მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს, სამინისტროს, აიღონ ხელი იმ გამანადგურებელ პროექტზე, რომელსაც ჰქვია „ნამახვანჰესების“ კასკადი, რადგან ხედავთ, რა რთული ვითარებაა გეოლოგიური თვალსაზრისით. უბრალოდ გაწვიმების პირობებშიც კი მუდმივად ჩამოდის ისეთი ტიპის მეწყერი, როგორიც ახლა აქ, გზაზეა“, – განაცხადა რიონის ხეობის მცხოვრებმა, ვარლამ გოლეთიანმა.