მევლუთ ჩავუშოღლუ - ომის პირობებში, სახმელეთო გადაზიდვების მხრივ საქართველოს მიმართულება მეტად გააქტიურდა, შესაბამისად, წარმოიქმნება ხოლმე სირთულე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას
უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური გახდა, შესაბამისად, გადაზიდვების პროცესში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება ხოლმე, თუმცა ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ მოკლე დროში გადაიჭრას ნებისმიერი პრობლემა, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ორმხრივი და ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი პრობლემები უაღრესად მოკლე ვადაში აღმოიფხვრება.
„უაღრესად მნიშვნელოვანია სახმელეთო ტვირთბრუნვა და ამ თვალსაზრისით განვიხილეთ ჩვენ წინაშე დღის წესრიგში არსებული საკითხები. მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური გახდა. შესაბამისად, ზოჯერ ხდება გარკვეული დაგვიანებები ან გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება ხოლმე ამ გადაზიდვების პროცესში.
თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს, რათა მოკლე დროში გადაიჭრას ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემა და ამ მხრივ კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩვენი მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ვფიქრობ, ჩვენი ორმხრივი და ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი პრობლემები უაღრესად მოკლე ვადაში აღმოიფხვრება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ პროექტებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
„მოგეხსენებათ, ჩვენს რეგიონში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად გლობალური ენერგეტიკული პროექტები. ეს განხორციელდა საქართველო-თურქეთისა და ასევე, აზერბაიჯანის თანამშრომლობით. ამ პროექტების მნიშვნელობა ჩვენთვის ძალზედ დიდია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს და წარმატებით განვითარდეს. სწორედ ამ მიდგომით განვახორციელეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და გაზის სამხრეთის დერეფანი. ასევე, ძალზედ დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულფასოვნად უზრუნველვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ინფრასტუქტურული-სატრანსპორტო პროექტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ფორმატი, უახლოეს მომავალში შედგება საქართველო-თურქეთ აზერბაიჯანის სამმხრივი სხდომა, რათა მსგავსი პროექტები იქნას განხილული.
ძალზედ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამოყენება, რომლის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვწევთ ჩვენს მეგობარ და კეთილმეზობელ ქვეყნებთან ერთად. ამ მხრივ მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე ხნის წინ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა თურქეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთის დელეგაციებს შორის ბაქოში, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო შეხვედრა ტაშკენტში, სადაც განხილული იქნება შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვის, სახმელეთო გადაზიდვების მექანიზმის გააქტიურებისა და გაუმჯობესების გზები. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გათვალისწინებით და ზოგადად, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უაღრესად გართულდა და ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი მაქსიმალურად სარგებლიანი და მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მხრივ აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.