მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენის საკითხში მესამე ქვეყნები არ უნდა ერეოდნენ
თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენის საკითხში მესამე ქვეყნები არ უნდა ერეოდნენ, ანკარაზე ზეწოლა არალეგიტიმურია, – ასე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
შეერთებული შტატების დეპარტამენტი ანკარას „ეს-400″ ტიპის კომპლექსების შეძენის შემთხვევაში, მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვაზე უარით, „ეფ-35″ ტიპის ავიაგამანადგურებლების ერთობლივი პროგრამის შეჩერებითა და სანქციებით დაემუქრა.
„ჩვენ წლების განმავლობაში გვსურდა შეგვეძინა ჩვენი მოკავშირეებისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და ოფიციალურად ვაცხადებდით ამის შესახებ. ეს მოკავშირეები კი, რომლებიც ქმნიდნენ დაბრკოლებებს ყველაზე მარტივი შეიარაღების დროსაც, უცბად შეშფოთდნენ, როდესაც ჩვენ „ეს-400″ შევიძინეთ. ასე რატომ ნერვიულობთ? თუ ჩვენ ნატოს მოკავშირეები ვართ და თურქეთს რაღაც ესაჭიროება, თქვენ ეს უნდა მოგვყიდოთ. თუ ეს არ გსურთ, ნუ ჩაერევით, როდესაც თურქეთი სხვა ქვეყანაში, ნატოს გარეთ შეიძენს იმას, რაც ესაჭიროება”- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ანკარასა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური დაძაბულობა 2017 წელს რუსეთთან აზენიტო-სარაკეტო კომპლექს ეს-400-ის შესაძენად გაფორმებულმა 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებამ გამოიწვია.