მევლუთ ჩავუშოღლუ - ანკარა იძულებული გახდა, სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია დაეწყო, ვინაიდან აშშ სირიელი ქურთების შენაერთებს შეიარაღებას აწვდიდა
ანკარა იძულებული გახდა, სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაეწყო, ვინაიდან აშშ სირიელი ქურთების შენაერთებს შეიარაღებას აწვდიდა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელეკომპანია „სიენენ თურქთან“ განაცხადა.
„აშშ-მა თავიდან განაცხადა: მოიცადეთ და ჩვენ გავიყვანთ ჩვენ სამხედროებს. ვიცდიდით, მათ არ გაიყვანეს. შემდეგ შევთანხმდით ერთობლივ პატრულირებაზე, რომელიც ზედაპირული აღმოჩნდა. ამასთან, მათ დაიწყეს ქურთული შენაერთებისთვის იარაღის მიწოდება. დიდხანს ვითმენდით ამას, ბოლოს ჩვენი მოთმინებაც ამოიწურა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-ს არ აქვს უფლება სირიის საჰაერო სივრცე მართოს და თურქეთის ავიაციას ოპერაციაში მონაწილეობა აუკრძალოს.
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ტერიტორიაზე 30 კილომეტრის სიღრმეში აპირებენ შესვლას. მისივე თქმით, უსაფრთხოების ზონა კი, რომლის შექმნასაც ანკარა იმედოვნებს, თავდაპირველად 120 კილომეტრის სიგრძის იქნება, თუმცა შემდეგ ის 400 კილომეტრამდე გაფართოვდება.
ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთით 9 ოქტომბერს დაიწყო. ოპერაცია ქურთების მუშათა პარტიისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. თურქეთის ლიდერის თქმით, ოპერაციას სამი მიზანი აქვს. თურქეთის სამხრეთი საზღვრის ტერორისტებისგან გაწმენდა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და სირიელი ლტოლვილების უკან დაბრუნება.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოპერაციის დაწყებიდან 24 საათში, 174 ტერორისტის განადგურება მოხერხდა. სირიული მხარე რვა მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალებისა და 20 დაჭრილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.