მევლუთ ჩავუშოღლუ ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილ კიდევ ერთ ადამიანზე წერს
მევლუთ ჩავუშოღლუ ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილ კიდევ ერთ ადამიანზე წერს

გარდაიცვალა თურქეთის მოქალაქე, რომელიც ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში განხორციელებული თავდასხმის დროს დაშავდა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელ „თვითერში“ (twitter) დაწერა. ამგვარად, კრაისტჩერჩში მეჩეთებზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა.

როგორც გარდაცვლილის ძმამ თურქულ სააგენტო „ანადოლუსთან“ განაცხადა, მამაკაცისთვის ხუთშაბათს ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა ექიმებმა სისხლდენის შეჩერება ვერ შეძლეს.

„ჩვენ გვიხაროდა, რადგან გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მან 50 დღე იბრძოლა“, – აღნიშნა გარდაცვლილის ოჯახის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ტერაქტის ჩამდენი, 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტანარტი დაკავებულია. ის თავდასხმას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა.