მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ფეთჰულა გიულენის გადაცემის საკითხს განიხილავს
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ფეთჰულა გიულენის გადაცემის საკითხს განიხილავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ფეთჰულა გიულენის გადაცემის საკითხს განიხილავს.

როგორც ჩავუშოღლუმ განაცხადა, დონალდ ტრაპი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ექსტრადირებას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არგენტინაში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას დაჰპირდა.

„არგენტინაში ტრამპმა უთხრა ერდოღანს, რომ აშშ-ი მუშაობს გიულენისა და სხვების გადაცემის საკითხზე“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. არშემდგარი ამბოხის შემდეგ,თურქეთის ხელისუფლებამ ათობით ათასი ადამიანი გიულენის ორგანიზაცია „ფეთოსთან“ კავშირში დაადანაშაულა, მათი ნაწილი დააპატიმრა, ნაწილი კი სამსახურიდან დაითხოვა.