მევენახეები და კომპანიები ღვინის საწარმოებში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების მიკროზონებში მოყვანილი ყურძნის ჩაბარებას მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ
მევენახეები და კომპანიები ღვინის საწარმოებში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების მიკროზონებში მოყვანილი ყურძნის ჩაბარებას მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის რთველის დროს, ყვარლისა და გურჯაანის მევენახეობის რეგიონებში, მევენახეები და კომპანიები ღვინის საწარმოებში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების – „ქინძმარაული“, „ყვარელი”, „მუკუზანი“ და „ახაშენი” მიკროზონებში მოყვანილი ყურძნის ჩაბარებას მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, ყურძენი შეფასდება, როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ვენახების ამონაწერის გაცემა დაიწყო იმ მევენახეებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულია ვენახების კადასტრის მონაცემთა ბაზაში. მევენახეებმა და კომპანიებმა, რომელთაც ჯერ კიდევ არ განუახლებიათ ინფორმაცია თავიანთი ვენახების შესახებ, უნდა მიმართონ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მათ წარმომადგენელებს რეგიონში. ვენახების ამონაწერის მიღების შემდეგ, მევენახეებმა და კომპანიებმა უნდა დაამოწმონ ვენახის ამონაწერში მოყვანილი ინფორმაცია და დაეთანხმონ მის შინაარსს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მევენახეებსა და კომპანიებს ვენახის ამონაწერის განახლებაში დაეხმარებიან.

„საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.