მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში ორსული მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე ბრალდების მხარე სწორედ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა.
სხდომაზე თავის პოზიცია დააფიქსირა თავად ბრალდებულმა, გოგა გზირიშვილმა.
„როგორც კი გავაანალიზე რაც გავაკეთე, ეგრევე დავრეკე პოლიციაში და მოვიყვანე პოლიცია ჩემთან. ცუდად ვარ“, – აღნიშნა ბრალდებულმა.
საქმის წინასასამართლო სხდომა 14 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
გამოძიების ინფორმაციით, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.