მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ არაერთგზის იძალადა მეუღლეზე – ე.ჯ.-ზე. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 1 აპრილს, მან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 1 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით და არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.