მეუფე ზოსიმე - ეკლესია ხალხს რაც უფრო მეტ ნუგეშს მისცემს, მით უფრო მშვიდობიანი ცხოვრება იქნება
ეკლესია ხალხს რაც უფრო მეტ ნუგეშს მისცემს, მით უფრო მშვიდობიანი ცხოვრება იქნება და ალბათ დღევანდელი სხდომა ამ მიზნს მოემსახურება , – ამის შესახებ მეუფე ზოსიმე სინოდის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
როგორც მეუფე ზოსიმემ აღნიშნა, უკვე დიდი ხანია სინოდის სხდომა არ შემდგარა და ეკლესიაში დაგროვდა საკითხები, რაზეც დღევანდელ სხდომაზე იქნება მსჯელობა.
„მგონია, რომ დღეს ადამიანებს სულიერი ნუგეში სჭირდებათ. ეკლესია ხალხს რაც უფრო მეტ ნუგეშს მისცემს, მით უფრო მშვიდობიანი ცხოვრება იქნება და ალბათ დღევანდელი სხდომა ამ მიზანს მოემსახურება”, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
კითხვაზე, მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრეობაზე ხომ არ იქნება საუბარი, მეუფე ზოსიმემ აღნიშნა, რომ არ იცის.
რაც შეეხება კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ ჩატარდა სინოდის სხდომა, მეუფემ უპასუხა, რომ შესაძლოა, უწმინდესის ავადმყოფობის გამო.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს. რა საკითხებს განიხილავენ სხდომაზე, ამ ეტაპზე, უცნობია. სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იქნება. უკრაინის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ მსოფლიო საპატრიარქოს ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით მიმართა.