მეუფე თეოდორე - მინდა ყველას ვუსურვო, თითოეულ ჩვენგანში დაბადებულიყოს ახალი კაცი, ყოველგვარი ცოდვის გარეშე
ნათლისღების საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში მრევლი შეიკრიბა.
ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ მდინარი მტკვარი აკურთხა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მდინარის კურთხევის შემდეგ, განბანვის ტრადიციული რიტუალი და ნათლობა შესრულდა.
„ეს არის განსაკუთრებულად სასიხარულო დღე. დღეს იკურთხება ყველა მდინარე, ღვთის მადლით. როგორც უფალმა თავისი ჩასვლით მდინარე იორდანეში გაწმინდა ყველა მდინარე, ასე განიწმინდა დღეს ყველა მდინარე. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო, რომ თითოეულ ჩვენგანში დაბადებულიყოს ახალი კაცი, ყოველგვარი ცოდვის გარეშე”, – განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ.