ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ილიაობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, წმინდა სინოდის სახელით, ანგელოზის დღე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მიულოცა.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. ქართველი ერის ამ წმინდანისადმი სიყვარული განსაკუთრებულია, ვინაიდან მისი ხალენი, რომლითაც იგი უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული.
დღეს ასევე ილია მართლის, ჭავჭავაძის ხსენებაა. ნება მობიძეთ, წმინდა სინოდის, მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით, ეს შესანიშნავი დღესასწაული გულითადად მოგილოცოთ.
ამ დიდი წმინდანების ლოცვა და მადლო შეგეწიოთ. ყოვლად ბრძენმა უფალმა თქვენ პატრიარქობის მძიმე ჯვარი გარგუნათ, რომელსაც უკვე 41-ე წელია ღირსეულად ატარებთ.
დღეს ჩვენ თქვენს დიდებულ ღვაწლზე და განვლილ სულიერ ღვაწლზე ვფიქრობთ, რომელსაც თქვენ მზიანი ღამე უწოდეთ. ვფიქრობთ, თუ რა არის ის თვისება, რომელმაც შეგაძლებინათ ადამიანის შესაძლებლობებისთვის შეუძლებლის აღსრულება, რამაც საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროს აღორძინება და ქართველი ხალხის სიყვარულის მოპოვება შეგაძლებინათ. ამ კითხვაზე პასუხს თქვენი მფარველი წმინდანის, ილია თეზბიტელის ცხოვრებაში ვპოულობთ.
ილია წინასწარმეტყველს ერთხელ ეუწყა, რომ მას უფალი შეხვდებოდა. ანგელოზმა გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, შემდეგ მიწა იძრა. მიწის ძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქში, არც მიწისძვრაში არც ცეცხლში ღმერთი არ იყო. ცეცხლის შემდეგ, გრილმა ნიავმა დაბერა და ილიამ ღმერთის სიახლოვე იგრძნო. ამ სასწაულით უფალმა წმინდანს დაანახა, რომ მას კაცობრიობის მოქცევა სიმდაბლით, მოთმინებით და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. ეს ნიავი ჩვენსკენ მომართული საღვთო სიყვარული და სიმდაბლეა, რომელთაც ადამიანის ცხოვრებაში მოვარდნილი ქარიშხლების გრილ ნიავად გარდაქცევა ძალუძს.
თქვენ ყოველთვის ცდილობთ, თქვენს მფარველ წმინდანს მიემსგავსოთ და პირადი მაგალითით გვასწავლით, რომ ეკლესიური ცხოვრების წარმართვა და ადამიანის სულების აღშენება მხოლოდ მოწყალებით, სიყვარულითა და მოთმინებით არის შესაძლებელი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენმა ამ თვისებამ არაერთხელ გადაარჩინა დაღუპვას ჩვენი ქვეყანა და მრავალი ჩვენთაგანი, ვისაც თქვენთან შეხება ჰქონია.
თქვენი კიდევ ერთი თვისება შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც წმინდა ილია წინასწარმეტყველთან გაახლოებთ. თაბორის მთაზე ილია თეზბიტელი მოსე წინასწარმეტყველთან ერთად უფალს ესაუბრებოდა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ორივე მათგანს უფალთან უშუალო ურთიერთობის გამოცდილება მიწიერ ცხოვრებაშივე ჰქონდათ, ამიტომაც იყვნენ ისინი თაბორზე იესოსთან. ასევე, თქვენთან ურთიერთობისას ჩვენ იმის განცდა გვეუფლება, რომ უფალთან შეხვედრის პირადი გამოცდილება თქვენც გაქვთ. თქვენი ლოცვით მრავალი სულიერი კერპი და ცრუ იდეოლოგია დაემხო, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებდა. თქვენც ყოველთვის თამამად იმაღლებდით და იმათლებთ ტრადიციული ღირებულებების დასაცავად.
დღეს ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე ახალმა დრომ ახალი პრობლემები დააყენა. ახლაც არის მცდელობები, კერპთმსახურება დაინერგოს, როდესაც ძლიერნი ამა სოფლისანი თავისუფლების იდეის საფარქვეშ ხორციელ ცოდვებს ნორმად აცხადებენ. თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ცოდვის დაკანონებით ადამიანი თავის გამართლებას ცდილობს, მაგრამ ვერანაირი კანონი მას ვერ გაამართლებს, თუ იგი ღმერთმა არ გაამართლა და რომ ცოდვის დაკანონებით ამ ცოდვას ბოროტებაც ემატება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი კერპის აღმართვის მცდელობა საქართველოში, რასაც ახლა ვხედავთ და ცოდვის დაკანონება დამარცხდება. ილია წინასწარმეტყველს შევთხოვთ, რომ მისი ლოცვით უფალმა ჩვენი ქვეყანა ბოროტებისგან დაიფაროს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თქვენი მუდმივი საზრუნავია. კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოში თქვენი ჩასვლა ცხინვალის ნაომარ რეგიონში, სხვადასხვა ტრიბუნიდან სამართლიანობის აღდგენისაკენ ხმამაღალი მოწოდებები დამპყრობელი ქვეყნის მიმართ. თქვენ მთელ მსოფლიოში გისმენენ და ანგარიშს გიწევენ.
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა მრავალჟამიერ.ამინ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
წირვის შემდეგ, სასულიერო პირებსა და მრევლს მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
„წყალობა და მშვიდობა წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით თქვენ და საქართველოს მოგცეთ. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმან ერი თვისი მშვიდობით აკურთხოს. მშვიდობა და სიხარული, სულიერი და ფიზიკური ძალა მამაზეციერმა არ მოგაკლოთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.
დღესვე პატრიარქმა დალოცა გვარები: ლუტიძეები, ბართაიები, ხმიდაშვილები, ელიაძეები და მწყერაშვილები.
„ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ და ღმერთმა ინებოს, რომ თქვენი გვარებიდან დიდი მამულიშვილები გამოვიდნენ. ჩვენთან არს ღმერთი“, – დასძინა ილია მეორემ.
წირვის შემდეგ, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიხსნება გამოფენა, რომელიც უწმინდესის და ინეტარესის ანგელოზის დღეს ეძღვნება. ასევე დღეს ილოცება გვარები: ლუტიძეები, ბართაიები, ხმიდაშვილები, ესლიაძეები და მწყერაშვილები.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილიაობას აღნიშნავს. 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველის, ასევე წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეც აღინიშნება. დღესვე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღეც.