მეუფე შიო - ვილოცეთ დაღუპულთა სულების გადასარჩენად, ასევე ვლოცულობთ, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდეს პრობლემა, გამთლიანდეს საქართველო
მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და საფლავები აკურთხა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მღვდელმთავარმა ქვეყნის ოკუპირებით გამოწვეულ ტკივილზე ისაუბრა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„დღევანდელი დღე ერთ-ერთი მძიმე დღეა. საერთოდ, ალბათ, ნებისმიერი ქართველისთვის უმთავრესი სატკივარია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ოკუპირებული ტერიტორიები.
დღეს ჩვენ ვილოცეთ დაღუპულთა სულების გადასარჩენად, ასევე ვლოცულობთ, რომ მოგვარდეს ეს პრობლემა უახლოეს მომავალში, გამთლიანდეს საქართველო და აღდგეს ის ისტორიული ძმობა, რომელიც ყოველთვის გვქონდა აფხაზებთან და ოსებთან; და ჩვენ, ყველამ გავიაზროთ ჩვენი წილი შეცდომები, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მეომრების ოჯახის წევრებს და ვუსურვებთ, რომ მათი გაღებული სისხლი, მათი ცხოვრება ყოფილიყოს საწინდარი ჩვენი ერის გამთლიანებისა, ეს ყოფილიყოს ჩვენი ნუგეში. ღმერთმა გააძლიეროს ისინი“, – აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.