სრულყოფილი სიხარული თუ გვინდა, გვქონდეს, უფლისა და ჭეშმარიტი ღმერთის, უფალ იესო ქრისტეს შემეცნების გზით უნდა ვიაროთ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მეუფე შიომ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, აგრეთვე წმინდა მოციქულთა სწორთა – მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანას ხსენების დღესთან დაკავშირებით იქადაგა.
„პატიოსანო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღევანდელი კვირა ეძღვნება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენებას. აგრეთვე დღეს არის წმინდა მოციქულთა სწორთა – მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანას ხსენება. გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.
პირველი მსოფლიო კრება შედგა არიოზის მწვალებლობის საწინააღმდეგოდ ნიკეაში. ეს იყო ეკლესიისათვის ძალიან სახიფათო მწვალებლობა. არიოზი ამბობდა, რომ ძე ღმერთი არის ქმნილება, მართალია, უმაღლესი ქმნილება, მაგრამ მაინც ქმნილება. ესე იგი არ არის ღმერთი და ასევე, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის ერთგვარი ინსტრუმენტი ღმერთის ხელში სამყაროს შესაქმნელად. არიოზი აგრეთვე ამბობდა, რომ სულიწმიდაც არის ქმნილება, მაგრამ ამჯერად უკვე – ძე ღმერთის ქმნილება.
ეს სწავლება თავდაყირა აყენებდა მთელ ქრისტიანულ მოძღვრებას. ამიტომ შეიკრიბა მსოფლიო კრება, რათა დაეგმოთ და უკუეგდოთ ეს სწავლება. წმინდა მამები ბრძანებდნენ, რომ თუ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, როგორც არიოზი ამბობდა, აქედან გამომდინარეობს მაშინ, რომ მისი სწავლებაც არ არის ღვთაებრივი, ესე იგი არ არის უტყუარი, არ არის მარადიული და მაცხოვნებელი. ეს ერთი და მეორე – თუ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, მაშინ ჩვენ ღმერთის ბუნებას კი არ ვეზიარებით ეკლესიაში. არამედ ის თუ ჩვეულებრივი ადამიანია, შესაბამისად, ჩვენი ცხონებაც და გამოხსნაც შეუძლებელია და არ მომხდარა. აი, ასეთი სახიფათო სწავლება იყო.
ამ კრებაზე მიიღეს მრწამსი – სარწმუნოების სიმბოლო, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ. მასში შეიტანეს ტერმინი „ჰომოუსიოსი“ (ბერძნ. – ὁμοούσιος), რაც ნიშნავს „ერთართსს“ და გამოხატავს მამაღმერთისა და ძე ღმერთის ერთობას, ერთარსობას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ამ დიდ მამებს, დიდ წმინდანებს, რომელთაც გადაარჩინეს და შემოგვინახეს ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება.
ამასთან დაკავშირებით დღეს წაკითხულია სახარებაში უფალ იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული ე.წ. „სამეუფეო ლოცვა“, ბოლო ლოცვა, როდესაც იგი ლოცულობს მამაღმერთის წინაშე, ლოცულობს მოწაფეებისთვის, მორწმუნეებისა და სამყაროსთვის.
სწორედ ამ ლოცვაში ჩანს ეს ერთობა მამისა და ძისა, ამიტომ არის ეს ლოცვა დღეს წარმოდგენილი აქ. გარდა ამისა, უფალი იესო ქრისტე ამ ლოცვაში ამბობს, თუ რა არის საუკუნო ცხოვრება, რა არის გადარჩენა, რა არის ცხონება, რას ნიშნავს.
ის ამბობს ასეთ სიტყვებს, მიმართავს მამაღმერთს, რომ „საუკუნო სიცოცხლე ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს“ (იოანე, 17, 3).
აი, ასეთი საოცარი სიტყვებია. ე.ი უფალი ამბობს იმას, თუ რა არის მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრებაში – ეს არის შეცნობა, ცოდნა, შემეცნება ძე ღმერთისა, იესო ქრისტესი და ძე ღმერთში – მამისა. აი, სწორედ აქ ჩანს მამისა და ძის ერთობა და თანასწორობა.
აქ ისმის კითხვა, როგორ შეიძლება შევიცნოთ იესო ქრისტე? რას ნიშნავს, „რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი და შემდეგ შევიცნოთ იესო ქრისტე?“ როგორ უნდა შევიცნოთ ჩვენ ქრისტე? ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ცხოვრებისეული მაგალითებით და ადამიანთა შორის ურთიერთობებიდან გამომდინარეც. როდის ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს?
ადამიანი იცნობს უამრავ სხვა ადამიანს, მაგრამ ბევრზე, ყოველ მათგანზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიღრმისეულად ვიცნობთ, ახლოს ვიცნობთ? როდის ვამბობთ, რომ ახლოს ვიცნობთ ადამიანს, მართლა და ბოლომდე ვიცნობთ ადამიანს? როდესაც ვიცით, თუ რა უხარია და რა სწყინს მას, რას ფიქრობს, რას გრძნობს.
შეცნობის მაგალითისთვის ხალხში გამოთქმებიც არსებობს, „ფუთი მარილი ერთად გვიჭამიაო“. ეს ნიშნავს, რომ მრავალი რამ ერთად გაგვივლია, ერთად გადაგვიტანია და ვიცნობთ ერთმანეთს. ასევე, ხომ გსმენიათ ასეთი გამოთქმა: „ჩემს გულში ზისო“ – თითქოს ჩემს გულში იჯდაო. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი რომ შეიცნო, მის გულში უნდა იყო, ის კი – შენს გულში. აი, დაახლოებით ეს შეიძლება ითქვას უფლის შეცნობაზეც. მხოლოდ მაშინ შევიცნობთ იესო ქრისტეს, როდესაც ის ჩვენს გულშია, ჩვენს გულში შემოდის და ისიც მაშინ გვცნობს ჩვენ.
გახსოვთ იგავი ათი ქალწულის შესახებ, როდესაც ხუთი ბრძენია და ხუთი სულელია, ისინი ელიან სიძეს, სულელი ქალწულები გვიან მიდიან და მათ წინაშე კარი იკეტება. სიძე ეტყვის, რომ „მე თქვენ არ გიცნობთო“, არადა როგორ არ იცნობს, სიძე ხომ თავად იესო ქრისტეა?! ის ხომ ყველას იცნობს, გულთა მხილველია! აქ ხატოვანი გამოთქმაა – „მე თქვენ არ გიცნობთ“, რაც ნიშნავს, რომ „მე თქვენს გულში არ ვარ. თქვენ მე არ შემომიშვით თქვენს გულში. ამიტომაც მე თქვენ არ გიცნობთ“, – განაცხადა მუფე შიომ.
მეუფე შიოს განმარტებით, უფლის შეცნობა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენს გულში შემოდის უფალი.
„როგორ შემოდის უფალი ჩვენს გულში? – სულიწმიდის მადლის მეშვეობითა, რაც არის ენერგია და მოქმედება ღმრთისა. როდესაც ის შემოდის ჩვენს გულში, მაშინ ადამიანი შეიცნობს იმას, თუ რა სურს, რას ფიქრობს უფალი, რას გრძნობს უფალი იესო ქრისტე, თუ შეიძლება ასე ითქვას, რა მოსწონს მას, რა არ მოსწონს, რა უნდა ჩვენგან, ამას შენ მერე გრძნობ, ეს ხმა გესმის – ხმა მადლისა და ხმა სულიწმიდისა, სულიწმიდით შეიცნობ იესო ქრისტეს პიროვნებას.
აი, ნახეთ, რამდენ რამეს გვეუბნება დღევანდელი სახარება და იმისთვის, რომ ჩვენ ეს მადლი მივიღოთ, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ნატვრა, ყველაზე დიდი მისწრაფება იყოს ჩვენთვის ამ მადლის მოხვეჭა. ეს არის მთავარი. ამისთვის არის მარხვა, ლოცვა. ეს არის მთავარი მიზანი, ამისთვის არის მთელი საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკა, სწორედ იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს, ეს ენერგია ღვთისა შემოუშვას თავის გულში და შეიმეცნოს იესო ქრისტე და მისი ნება. ამისთვის არის მცნებები. როდესაც ჩვენ უფლის ნებით, მისი მცნებებით ვცხოვრობთ, ვიმეცნებთ საკუთარ თავსაც – ვინ ვართ, რამდენად უძლურნი ვართ, რომ, მართლაც გვჭირდება მაცხოვარი და მხსნელი, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ გადარჩება და თავს ვერ იცხონებს, ანუ ვმდაბლდებით და აი, ამ სიმდაბლესთან მოდის სწორედ სულიწმიდის მადლი.
აი, ასეთი საოცარი სახარებაა და ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე. ბოლოს ეს ლოცვა სრულდება უფალ იესო ქრისტეს შესანიშნავი სიტყვებით, რომ „ამას გეტყოდე თქუენ, რაითა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს“ (იოანე 15, 11).
აქ ჩვენზეა საუბარი, იესო ქრისტეს მოწაფეებზე, მიმდევრებზე, რომ ჩვენი სიხარული იყოს „სავსებით“, ანუ სრულყოფილი. ასე რომ, ყოველი ადამიანი მიილტვის ამ სიხარულისკენ, ბედნიერებისკენ და აი, აქ არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, რეცეპტი, რომ თუ გვინდა სრულყოფილი სიხარული გვქონდეს, აი, ამ გზით უნდა ვიაროთ, უფლისა და ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნების გზით, მის მიერ მოვლენილი უფალ იესო ქრისტეს შემეცნების გზით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. აი, ამ დიდ გზაზე ჩვენი მანათობელნი, ჩვენი წინამძღოლნი არიან ჩვენი დიდი წმინდანები, პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოციქულთა სწორნი – მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, რომელთა ლოცვითაც უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაძლიერება, გადარჩენა, ამინ! ღმერთმა მოგმადლოთ თქვენ, ყოველ თქვენგანს, სრულყოფილი სიხარული“, – განაცხადა მეუფე შიომ.
ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით დღეს ფირიაშვილების გვარის დალოცვა მოხდა.