მეუფე შიო - როცა ვხედავთ მრავალ მწუხარებას და განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანის ცხოვრებაში, ეს არის დანახვა უფლისა
როცა ვხედავთ მრავალ მწუხარებას და განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანის ცხოვრებაში, ეს არის დანახვა უფლისა და შეხვედრა ღმერთთან, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, ღმერთი ბევრ რამეს აძლევს ადამიანს მიწიერ ცხოვრებაში – სიმდიდრესაც, კეთილ ცხოვრებასაც, მაგრამ თუ ის ამაში უფლის მადლიერებას ვერ პოულობს, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანი ცრუ კეთილდღეობაში დაიღუპოს.
გარდა ამისა, მან გაჭირვებულების დახმარებასა და საღმრთო საქმეების კეთებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ სახარებაში მოთხრობილია, რომ ქრისტეს და მოციქულებს შემოხვდებათ შობითგან ბრმა, რომელიც მათხოვარია და მოციქულები უფალს კითხავენ, თუ რატომ იტანჯება ის ასე ამდენი წელი, ვინ სცოდა, ამან თუ ამისმა მშობლებმაო. უფალი პასუხობს, რომ არც ამან სცოდა, რა უნდა ეცოდა, დაბადებიდან ბრმა იყო, არც კიდევ მისმა მშობლებმა, ამაზე ღმერთის საქმე უნდა გამოცხადდესო. ეს პასუხი კიდევ ერთ კითხვას ბადებს, რა არის ღმერთის საქმე. ნუთუ, ის იყო ღმერთის საქმე, რომ ეს კაცი მრავალი წელი სიბრმავეში უნდა ყოფილიყო, ემათხოვრა, შემდეგ იესო ქრისტეს ჩამოევლო და მისი ფიზიკური თვალი უნდა აეხილა? ესეც სასწაულია, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო. ღმერთის საქმე უმთავრესად იმაში გამოვლინდა, რომ აეხილა სულიერი თვალი, უფლის სარწმუნოებაზე, სიყვარულზე, ყოვლისშემძლეობაზე. გაიხსნა მისი გული, რომ ეს მისი განკურნება მიეღო მადლიერებით, დაენახა ღმერთი და თაყვანი ეცა მისთვის.
უფლის დიდება ჩანს სახარებიდან. როდესაც უფალი შეიტყობს, რომ ფარისევლებმა ის გააძევეს და ის იესო ქრისტეს იცავდა, ამბობდა, რომ წინასწარმეტყველია, ღმერთისგან მოვლენილია, მაშინ მიდის მასთან იესო ქრისტე და ეკითხება, გწამს ძე ღვთისა? რწმენის ჩანასახი მას უკვე ჰქონდა, ფარისევლებთან საუბარში გამოამჟღავნა, უფალი მიდის, რომ რწმენა განუმტკიცოს. გწამსო? და ის ეუბნება, ვინ არის უფალი რომ მწამდესო, ანუ, თითქოს ამბობს, კი, მაგრამ მანახე, რომ სად არის, მივიდე. უფალი პასუხობს, რომ შენ გინახავს ის, ესაა ის, ვინც შენ გესაუბრება. მან უპასუხა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. თაყვანი სცა ნიშნავს, მუხლი მოიყარა მის წინაშე და თაყვანი სცა როგორც მესიას, რადგან ძე ღვთისა, ეს წოდება არის მესიანისტური. მაშინ, იუდეაში განსაკუთრებით გამძაფრებული იყო მესიას მოლოდინი. დავრდომილები განსაკუთრებით ფიქრობდნენ ამაზე, რომ მესია გადაარჩენდა მათ. ეს ადამიანი არ აღიქვამდა ამ წოდებას ჰიპოსტასური მნიშვნელობით. აეხილა სულიერი თვალი და დაინახა ის, რასაც თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ, პირიქით, კიცხავდნენ უფალ იესოს ამ განკურნების გამო, რადგან შაბათს აღასრულა.
ჩვენც, როდესაც ცხოვრებაში ვხედავთ მრავალს მწუხარებას და განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება, სამწუხაროც კი, შეიძლება იყოს მთავარი გამოცდილების მომტანი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის დანახვა უფლისა და შეხვედრა ღმერთთან. ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე, როგორც წესი, გვეშინია მისი. ღმერთი ბევრ რამეს აძლევს ადამიანს მიწიერ ცხოვრებაში, სიმდიდრესაც, კეთილ ცხოვრებასაც, მაგრამ თუ ის ამაში უფლის მადლიერებას ვერ პოულობს, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანი ცრუ კეთილდღეობაში დაიღუპოს. ესეც მისი კაცთმოყვარეობაა, რომ თუ ადამიანი ისე გაუხეშდა, ნაზი ქროლვის შეგრძნების უნარი აღარ აქვს ადამიანს, ქარიშხალი შემოდის მის ცხოვრებაში, რომ ფერი იცვალოს.
ჩვენი სწავლება, რომელიც აქ არის მოცემული, მწუხარების დათმენის შესახებ, გვავალდებულებს გაჭირვებულის დახმარებას. უფალი ამბობს, მე ვაკეთებ ჩემი მომავლინებლის საქმეებს, ყოველი ქრისტიანი ასე უნდა ცხოვრობდეს და პასუხობდეს უფლის მოწოდებას, რომ მზად უნდა იყოს დახმარებისთვის. უფალი ამბობს, უნდა ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმეები, სანამ დღეა, ვინაიდან მოდის ღამე, ღამე ეს სიკვდილია, როდესაც ვერავინ შეძლებს ამ საქმეების კეთებას. მაშასადამე, ჩვენც დავფიქრდეთ და ვაკეთოთ საღმრთო საქმეები, ვიდრე დღე არის“, – განაცხადა მეუფე შიომ.