მეუფე შიო - პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა დასტურია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა არის დასტური, რომ ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს.
მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას სულიწმინდაზე ისაუბრა და მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.
„ძვირფასო და ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელდღეს, დღეს არის სულთმოფენობა. ეს არის დღე, ჩვენი წმინდა ეკლესიის დაბადებისა, ეს არის დღე, რის გამოც, უფალი იესო ქრისტე მობრძანდა ამ ქვეყნად, რის გამოც განკაცდა. ეს იყო მისი მიზანი, რომ დაეარსებინა თვისი ეკლესია და სულიწმინდის მადლი გარდამოევლინა ჩვენზე. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დალოცვას და ლოცვა-კურთხევას.
დღეს ჩვენ ვიგალობეთ საგალობელი, რომელიც ყველამ იცით, „რაოდენმა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“ და ეს ნიშნავს, რომ ვინც მოვინათლეთო ქრისტეში, ქრისტე შევიმოსეთო. როგორ ხდება ეს შემოსვა ქრისტესი, რას ნიშნავს ქრისტეს შემოსვა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი განიძარცვავს ძველ კაცს, ცოდვილს, დაცემულს და შეიმოსს ახალს, შეიმოსს ქრისტეს. აი ეს არის ეკლესიაში რაც ხდება, რისთვისაც დაარსდა ეკლესია. ეს ხდება მხოლოდ სულიწმინდის მადლით, რომელიც დღეს გარდამოევლინა ჩვენზე, მხოლოდ ეკლესიის საიდუმლოებებით არის შესაძლებელი.
სულიწმინდაზე თქვა იესომ, რომელსა სწამდეს ჩემიო, მდინარენი მუცლისა მისისა სდიოდენ წყლისა ცხოველისა. ეს წყალი ცხოველი არის სულიწმინდის მადლი. ვინ იღებს ამ სულიწმინდის წყალს, მხოლოდ ისინი, ვისაც ძლიერ სწყურიათ, თუ ადამიანს აქვს ასეთი ძლიერი წყურვილი, როგორც დიდი ხნის მოწყურებულ ადამიანს. სიცოცხლეზე მეტად უნდა უნდოდეს და უნდა მიისწრაფოდეს. ადამიანი შეიძლება გახდეს თვით ღმერთის ცხოვრების თანაზიარი, ღმერთის ბუნების თანაზიარი. ამ დღიდან ყველა მოქმედება, რაც კი ეკლესიაში სრულდება, სულიწმინდით სრულდება, წყალი როდესაც იკურთხება, როდესაც ადამიანი ინათლება, ესეც სულიწმინდის მადლით ხდება. როდესაც ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, სულიწმინდა გვაერთებს ჩვენ ქრისტესთან. ასევე, ეკლესია ეს არის კარი ცათა სასუფევლის. მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა შეიძინოს ისეთი თვისებები, რომელიც აუცილებელი არის ცათა სასუფევლისთვის. ჩვენ დღეს განსაკუთრებით ერთად, ყველამ მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რადგან მისი საპატრიარქო მოღვაწეობა არის დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს, რადგან მთელი მისი მოღვაწეობა არის სულიწმინდის მადლით გაჯერებული“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.