მეუფე შიო - პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ გამოჩნდა პატრიარქის ჭეშმარიტი დამოკიდებულება დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების ტაძარში მრევლს პეტრე-პავლობა მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
მეუფე შიომ მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დალოცვა გადასცა.
როგორ მეუფემ აღნიშნა, ყოველი ქრისტიანი უნდა ავლენდეს ახლებურ, ქრისტიანულ დამოკიდებულებას ღმერთისადმი, ადამიანებისადმი, მოყვასისადმი.
„ეს არის ახლებური დამოკიდებულება, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა. ადამიანი არ უნდა ავლენდეს მხოლოდ მიწიურ მიდრეკილებებს, მატერიალური მოხვეჭისკენ ლტოლვას. ეს არ არის ქრისტიანობა. ადამიანი უნდა ავლენდეს ქრისტიანულ თვისებებს, რომელთა შორის უპირატესი არის თავგანწირული სიყვარული. თუ გვაქვს ჩვენ ისეთი სიყვარული, როგორიც ჰქონდათ დიდ მოციქულებს, მაშინ შევძლებთ, რომ ეს თვისება გამოვავლინოთ. გულში თუ არ გვაქვს თავგანწირული სიყვარული, მაშინ ვერც გამოვავლენთ ამას ვერასდროს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
ამასთან, მეუფე შიომ პეტრე-პავლობა მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.
„ჩვენ ერთობით უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე ჩვენს მამასა და მეუფეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. იგი არის თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის მთავარი, ყველაზე მძლავრი ლოდი, დიდი წინამძღოლი.
მისი მოღვაწეობიდან ჩანს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია. თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს, პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი, დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა. ღმერთმა გაახაროს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, გააძლიეროს და მრავალ წელს, მრავალ ჟამს ყოფილიყოს მისი წინამძღოლობა“ , – აღნიშნა პატრიარქის თანამოსაყდრემ.