მეუფე შიო მუჯირი - ვეცადოთ, ამაოების მორევიდან გამოვიდეთ, რომ დავფიქრდეთ მთავარზე, ჩვენს სულზე, მომავალ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ცხოვრებაში, რა უნდა მოვიმკათ
ამ ცხოვრების მთავარი აზრი არის სიყვარულში, თანაც ქმედით სიყვარულში და არა მხოლოდ ემოციურ სიყვარულში, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ თავი დავდოთ მისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ საშინელი სამსჯავროს ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ხორციელის კვირას, როდესაც არის ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ჩვენ ყველანი ვაღიარებთ სარწმუნოების სიმბოლოში, რომ გვწამს უფალი ღმერთი იესო ქრისტე, რომელიც კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ და დღეს წაკითხული სახარება გადმოსცემს საშინელი სამსჯავროს სურათს, გვიხატავს ამ სურათს ალეგორიულად, იგავური ფორმით.
რატომ ეწოდება საშინელი ამ სამსჯავროს? რა არის მასში საშინელი? არის ის, რომ როდესაც დადგება ეს დღე და ჩვენ წარვდგებით უფლის წინაშე, აღმოჩნდება, რომ არასწორად ვცხოვრობდით. აღმოჩნდება, რომ ჩვენი სული ცარიელია, მადლის გარეშეა, ჯეროვნად არ ვიღვაწეთ და იმიტომ რომ, მთავარი აზრი ამ ცხოვრების (დღევანდელი სახარება ამას გვაჩვენებს ჩვენ), არის სიყვარულში, თანაც ქმედით სიყვარულში და არა მხოლოდ ემოციურ სიყვარულში, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ თავი დავდოთ მისთვის; არა მხოლოდ იმისთვის, ვინც ჩვენი ახლობელია და ვინც ჩვენ გვიყვარს, არამედ ყველასთვის. ყველა მოყვასია, ყველა, ვისაც ჩვენ ვჭირდებით, ყველას, ვისაც სჭირდება დახმარება და სიყვარული. დღეს სახარებაში სწორედ უფალი მოგვითხრობს ჩვენ, რაში მდგომარეობს ეს სიყვარული, რომ მოყვასის მსახურებას, მოყვასისადმი გამოვლენილ სიყვარულს უფალი იესო ქრისტე აიგივებს თავის თავთან, მის მსახურებასთან, მის სიხარულთან აიგივებს. ჩვენ რომ იქ წავდგებით, მაშინ მივხვდებით, რომ შეგვეძლო, გვქონდა ამის დრო, რომ გვყვარებოდა ღმერთიც, გვყვარებოდა მოყვასიც, როგორც უფალი გვასწავლის, გვყვარებოდა საკუთარი თავიც მართებულად, როგორც ამას ასევე გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ დაგვენახა საკუთარ თავში სიდიადე ჩვენი ხატებისა და მსგავსებისა ღმერთის ხატებისა. სიდიადე ჩვენი მოწოდებისა, როგორც ამბობს პეტრე მოციქული, რომ ჩვენ ვართ მოწოდებულნი, საღვთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ.
წარმოიდგინეთ, როგორი სიდიადეა ადამიანის ბუნებაში. და ჩვენ შეიძლება, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის მიღმა დავრჩით; ჩაგვიარა ამ ყველაფერმა, ისე ვიცხოვრეთ. აი, ამაში მდგომარეობს ეს საშინელება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება უმეტესწილად მიმდინარეობს ამაო საზრუნავებში, როგორც მორევში, ვართ ჩათრეული ამ ამასოფლიურ ამაოებაში და თითქოს თავს ვიმართლებთ იმით, რომ დრო არ გვრჩება, ვიფიქროთ მთავარზე და სულიერზე. ასევე, თავს ვიმშვიდებთ იმითაც, რომ ღმერთი მოწყალეა, რომ ღმერთმა შეიწყალა უძღები შვილი, ღმერთმა შეიწყალა ავაზაკი, უფალმა აპატია მეძავს. ამით ვიმშვიდებთ თავს. რა თქმა უნდა, უფალი მოწყალეც არის და ჩვენც შეგვიწყალებს უფალი, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ ამათ ყველამ გამოიჩინეს უდიდესი სინანული და დიდი რწმენა.
ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ კვირა დღეს, როდესაც მარხვამდე რჩება ერთი კვირა, ჩვენ წმინდა ეკლესია გვაფრთხილებს, რომ სიკვდილი ცოდვილისა არის ძალიან მძიმე; და რომ ეს საშინელი სამსჯავრო არ არის რაღაც საფრთხობელა და რაღაც მოგონილი რამ, არამედ არის სინამდვილე, რომელსაც თავად უფალი იესო ქრისტე გვასწავლის.
თუ წინა კვირას, ვიმეორებ, უძღები შვილის სინანულზე და შეწყალებაზე გვესაუბრებოდა წმინდა ეკლესია, დღეს გვაფხიზლებს, მოგვიწოდებს სიფხიზლისკენ, რომ ვეცადოთ ამ ამაოების მორევიდან გამოვიდეთ, თავი დავაღწიოთ, რომ დავფიქრდეთ მთავარზე ამ ცხოვრებაში – ჩვენს სულზე, ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ამ ცხოვრებაში, რა უნდა მოვიმკათ. ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენი წმინდა ეკლესია და უფალმა ინებოს, რომ შევისმინოთ ეს მოწოდება. ვინაიდან ეს არის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხები. და ინებოს უფალმა, რომ ავირჩიოთ სიცოცხლე, სიცოცხლის გზა, რომელიც დაგვაყენებს მარჯვენით ღვთისა და რომელიც შეგვიყვანს სასუფეველში“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
დღესვე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, დალოცა კეწელაშვილების, ბეჟანიძეებისა და ბაბლუანების გვარები.