მეუფე შიო მუჯირი - თუ გვინდა, მცირედ მაინც ჩავწვდეთ ამ ცხოვრების საიდუმლოებებს, უნდა ვეცადოთ, მივბაძოთ მენელსაცხებლე დედებს, მათი გზით, ქრისტეს სიყვარულის გზით ვიაროთ
თუ გვინდა, მცირედ მაინც ჩავწვდეთ ამ ცხოვრების საიდუმლოებებს, უნდა ვეცადოთ, მივბაძოთ მენელსაცხებლე დედებს, მათი გზით, ქრისტეს სიყვარულის გზით ვიაროთ… ეს სიყვარული გამოიხატება მაცხოვრის მცნებების შესრულებაში, მის დაცვაში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მენელსაცხებლე დედების ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
მენელსაცხებლე დედები მაცხოვრის სიკვდილიდან მესამე დღეს, გარიჟრაჟზე მივიდნენ მის საფლავზე, რათა, წესისამებრ, სურნელოვანი ნელსაცხებელი ეცხოთ მისი სხეულისთვის. მათ იქ დახვდათ უფლის ანგელოზი, რომელმაც ახარა ქრისტეს აღდგომა. ეს იყო სიხარული, რომელიც გოლგოთის ჯვრიდან მოეფინა მთელ სამყაროს, მთელ კაცობრიობას. ეს იყო ის სიხარული, რომელმაც შეცვალა ყოველი ადამიანის დიდი მწუხარება იმის გამო, რომ სიცოცხლე არის უაზრობა, რადგან მთავრდება სიკვდილით. აი, ეს მწუხარება შეცვალა ამ სიხარულმა. ეს ის სიხარულია, იმის გამოა, რომ არსებობს მარადიული სიცოცხლე და რომ არა მხოლოდ ადამიანის სული, არამედ სხეულიც ეკუთვნის ამ მარადიულ სიცოცხლეს.
ქრისტე მაცხოვარი, ღმერთკაცი და მისი კაცობრივი ბუნება, მისი სხეული მკვდრეთით აღდგა. „წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ აღდგა მკვდრეთით და წინა გიძღვის თქვენ გალილეას, იქ იხილავთ მას“, – უთხრა ანგელოზმა დედებს (მთ. 28,7).
რატომ მოხდა ისე, რომ პირველად მაინცდამაინც მენელსაცხებლე დედები დარწმუნდნენ ქრისტეს აღდგომაში? პირველად მათ რატომ გაიგონეს ეს „გიხაროდენი?“ პირველად მათ რატომ ეხარათ, ეუწყათ ეს ჭეშმარიტება? მოციქულებიც ხომ ახლოს იყვნენ ქრისტესთან, მაგრამ მათ არ მიეცათ ეს სიხარული და უპირატესობა, არამედ მხოლოდ მენელსაცხებლე დედებს; რა არის ამის მიზეზი?
ეკლესიამ იცის, რომ ამის მიზეზი არის მენელსაცხებლე დედების განსაკუთრებული სიყვარული და ერთგულება ქრისტესადმი. შეიძლება გაჩნდეს ასეთი კითხვა: რისთვის უყვარდათ მენელსაცხებლე დედებს მაცხოვარი ასე ძლიერ? ეს რომ ვინმეს ეკითხა დედებისთვის, ალბათ ვერცერთი მათგანი ზუსტად ვერ იტყოდა, რისთვის შეიყვარეს მათ ქრისტე, იმიტომ, რომ სიყვარული არასდროს არის რაღაცისთვის. რისთვის შეიყვარა ღმერთმა დაცემული კაცობრიობა? რისთვის შეგვიყვარა ჩვენ, ცოდვილები? ნუთუ შეიძლება ზუსტად ითქვას, რომ რაღაცისთვის, რაღაცის გამო? ან ჩვენ ვიმსახურებთ ამას, მის სიყვარულს? იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არის რაღაცისთვის.
მენელსაცხებლე დედებმა შეიყვარეს მაცხოვარი, ბოლომდე უერთგულეს მას და დარჩნენ მასთან.
ძვირფასო ძმებო და დებო, თუ გვინდა, მცირედ მაინც ჩავწვდეთ ამ ცხოვრების საიდუმლოებებს, როგორმე ცოტა მაინც გავიგოთ ჩვენი ადამიანური ცხოვრების საიდუმლოებები, უნდა ვეცადოთ, მივბაძოთ მენელსაცხებლე დედებს, მათი გზით, ქრისტეს სიყვარულის გზით ვიაროთ.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს სიყვარული გამოიხატება მაცხოვრის მცნებების შესრულებაში, მის დაცვაში. როდესაც ეს სიყვარული ხორციელდება უფლის მცნებების დაცვაში, მაშინ ჩვენ გაგვეხსნება ეს საიდუმლოებები, რომლებზეც მოგახსენეთ.
ეკლესიის სწავლებით, ღმერთს არ შეუქმნია სიკვდილი, ღმერთი სიცოცხლეა და წყაროა სიცოცხლისა. იგი მხოლოდ სიცოცხლეს ქმნის. როდესაც მან შექმნა პირველი ადამიანი, ჩადო მასში უკვდავების შესაძლებლობა. მას შემდეგ ადამიანი უკვდავია ღმერთის მიერ ბოძებული ამ შესაძლებლობით, უკვდავების შესაძლებლობით. პირველად თვალნათლივ კაცობრიობის წინაშე ეს შესაძლებლობა განხორციელდა უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში, რომელიც იხილეს პირველად მენელსაცხებლე დედებმა, რომლებმაც ასე შეიყვარეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
დღეს ჩვენ ვზეიმობთ კიდევ ერთ დღესასწაულს – ჯვართაღმართებას. ეს დღე დაწესდა წმინდა მოციქულ ნინოს, მეფე მირიანისა და ეპისკოპოს იოანეს მიერ. სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა როცა დაასრულეს, მათ განიზრახეს სამი ჯვრის აღმართვა. თქვენ გახსოვთ, როგორ სასწაულებრივად გამოჩნდა ის სამი ადგილი, სადაც ჯვრები უნდა აღმართულიყო: ეს იყო მცხეთა, თხოთის მთა და უჯარმა. ჩვენი ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ როდესაც ამ დღეს ეს ჯვრები საზეიმოდ აკურთხეს და აღმართეს, იმ ჟამს ქართლის კერპები დაიმსხვრა და წმინდა ნინომ წარმოთქვა ასეთი სიტყვები, რომ ეს ჯვრები იქნებოდა მფარველად ყოველთა ქრისტიანეთა.
გილოცავთ ამ დღესასწაულს. ინებოს უფალმა, რომ ამ ჯვრებით დაიმსხვრეს ჩვენი დროის ახალი კერპები. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ წმინდა ეკლესიამ ჩვენამდე შემოინახა მცხეთის ჯვარი, რომელიც სვეტიცხოველშია დაბრძანებული და თხოთის ჯვარიც, რომელიც ჩვენ წინაშე, ამ წმინდა ტაძარშია დაბრძანებული და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დღეს ემთხვიოთ მას.
ღმერთმა ინებოს, რომ ამ ჯვრების ძალით და მადლით დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო და ყოველი თქვენგანი, ამინ!“ – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.