მეუფე შიო მუჯირი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველო დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომლის ცხოვრებაშიც მართლმადიდებელ ეკლესიას დღესაც განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს, რისი დადასტურებაც არის თუნდაც ის ფაქტი, რომ, კვლევების თანახმად, საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს და ეკლესია მოსახლეობისთვის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს.
„მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და მღვდელმთავრებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ევროპასთან დაახლოების პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ქართული ტრადიციები და ფასეულობები. მღვდელმთავრებმა ხაზი გაუსვეს ტრადიციული ოჯახის მნიშვნელობას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის საჭიროებას, რის შესახებაც ჩვენს პოზიციას მუდამ ვაფიქსირებდით.
ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროპა არ ნიშნავს ეროვნულობის და სულიერ-კულტურული ფასეულობების დაკარგვას, პირიქით, ევროპა ხელს უწყობს განსხვავებული ერების დაახლოებას, მშვიდობიან თანაცხოვრებას და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრობით არა მხოლოდ საქართველო მიიღებს სარგებელს, არამედ თავად ევროკავშირიც, რადგან საქართველო თავისი კულტურითა და ღირებულებებით მნიშვნელოვანი წევრი და შენაძენი გახდება ევროკავშირისთვის.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებთა პრობლემები. გულისტკივილით აღინიშნა, რომ ქართველებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისა და მათი გარდაცვლილი ახლობლების საფლავების მონახულებისა და მოვლის საშუალებაც კი.
მეუფე შიომ და მღვდელმთავრებმა ევროკავშირის ელჩს ვიზიტისთვის და საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული მოღვაწეობა უსურვეს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.