მეუფე შიო მუჯირი - ქრისტეს ძალას არა მარტო სხეულის, არამედ სულიერად მომკვდარი ადამიანის გაცოცხლება და აღდგინებაც შეუძლია, სადაც მოქმედებს ქრისტეს ძალა, იქ აღარ არის სიკვდილი
ქრისტეს ძალას არა მარტო სხეულის, არამედ სულიერად მომკვდარი ადამიანის გაცოცხლება და აღდგინებაც შეუძლია. სადაც მოქმედებს ძალა ქრისტესი, იქ აღარ არის სიკვდილი, ვინაიდან უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ეპიზოდი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მიდის კაპერნაუმიდან ქალაქ ნაინში და როგორც ხშირად ხდებოდა, მასთან ერთად არიან მისი მოწაფეები და მას ახლავს მრავალი ადამიანი. აი, როდესაც ისინი უახლოვდებიან ქალაქის კარიბჭეს, მათ შემოხვდებათ სამგლოვიარო პროცესია, ასაფლავებდნენ ქვრივი ქალის ერთადერთ ვაჟიშვილს და ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი მწუხარებით სავსე მოდიოდა ეს ქალი. უფალი იესო ქრისტე შეაჩერებს ამ მსვლელობას, მას შეებრალება ეს ქვრივი, მიდის მასთან და ეტყვის: „ნუ სტირი“. შემდეგ შეეხება კუბოს და იტყვის: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდექ!“ ეს მიცვალებული წამოჯდება, ალაპარაკდება და მას სიცოცხლე უბრუნდება.
აი, სად გამოვლინდა ძალა ქრისტესი, ძალა, რომელსაც შეუძლია მკვდარი სხეულის აღდგინება… მაგრამ ქრისტეს ძალას არა მარტო სხეულის, არამედ სულიერად მომკვდარი ადამიანის გაცოცხლება და აღდგინებაც შეუძლია. სადაც მოქმედებს ძალა ქრისტესი, იქ აღარ არის სიკვდილი, ვინაიდან უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა, როგორც ამბობს იგი: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ სიცოცხლე!“
აი, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში წმინდა ისაია წინასწარმეტყველი წერდა, რომ იმჟამად ადამიანები სიბნელესა და სიკვდილის აჩრდილში მკვიდრობდნენ; ანუ ეს სიკვდილის ძალა ვრცელდებოდა მთელ მსოფლიოზე, ყოველ ადამიანზე, მაგრამ ეს იყო მაშინ, – როგორც ამბობს წმინდა ისაია, – როდესაც ბნელსა შინა ვიდოდა კაცობრიობა. შემდეგ კი ამ ბნელში მავალ ხალხს გამოუბრწყინდა დიდი ნათელი, როდესაც კაცობრიობას მოევლინა მხსნელი, განკაცებული ძე ღვთისა, უფალი იესო ქრისტე და სადაც არის მისი ნათელი (ეს ნათელი, რომელზეც წინასწარმეტყველი საუბრობს), იქ არის ნამდვილი სიცოცხლე, იქ არის ნამდვილი სიყვარული და სადაც არის იესო ქრისტე, იქ არის ეს ნათელი; და სადაც არის ეს ნათელი, იქ სუფევს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, რა საქმესაც უნდა ვიწყებდეთ, რა ცოდნასაც უნდა ვეუფლებოდეთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის ეს სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და მე ვარ სიცოცხლე!“ და მაშინ ყოველი ჩვენი საქმე იქნება დალოცვილი, ჩვენი ცხოვრება იქნება ნამდვილი, მადლიანი და ჩვენ გამოვალთ ამ სიკვდილის აჩრდილიდან, რომელშიც ცხოვრობდნენ ადამიანები ქრისტეს გარეშე იმჟამადაც და რომლის გარეშეც ცხოვრობენ ადამიანები დღესაც.
კიდევ იმაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ უფალი იესო ქრისტე ასე ხშირად ეგებება ნაინის კარიბჭესთან ადამიანებს, სულით და გულით მომკვდარ ადამიანებს; დავფიქრდეთ იმაზე, რომ ვინ იცის, იქნებ მრავალი ჩვენგანიც არის ხოლმე აი, ასე სულიერად მკვდარი ადამიანის მდგომარეობაში ჩვენს ნაინის ქალაქის კარიბჭესთან, მაგრამ გული არასდროს უნდა გავიტეხოთ, სასო არ წარვიკვეთოთ, ვინაიდან იქ ყოველთვის გვეგებება უფალი და ყოველთვის იქვე გაისმის მისი ხმა: „ნუ სტირი“ და „ამინ გეტყვი თქვენ, რომელმან ისმინოს სიტყვანი ჩემნი, და რომელსა რწმენეს მომავლინებელი ჩემი, გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად, ამინ!“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯრიმა.