მეუფე შიო მუჯირი - მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება, გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას
მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება, გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
„პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მე-4 კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღეს არის ხსენება ეკლესიის დიდი წმინდა მამის, იოანე კიბისაღმწერლისა. იგი ამბობდა, რომ სინანულის ღვაწლს აჩრდილივით თან ახლავს ორი საშიში თანამგზავრი – მოწყინება და სასოწარკვეთილება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ხედავს მხოლოდ ცოდვასა და ბოროტებას. როგორც საპყრობილეში, ასე იკეტება ამ განწყობაში, ამ ხედვასა და ამ განწყობის ტყვეობაში ექცევა.
სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი, თავის ცოდვებთან და ბოროტებასთან ერთად, ვერ ხედავს საკუთარ თავში მეორე, ნათელ მხარეს, რაც არის ხატება და მსგავსება ღვთისა. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს სახიფათოა თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანის სულში პარალიზებას ახდენს იმ დიდი შემოქმედებითი და ნათელი ძალისა, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანის ბუნებას საოცარი ნიჭის სახით.
ურწმუნო ადამიანებისგან ხშირად გვსმენია, რომ არა მარტო ჩვენი სინანული, არამედ მთელი ქრისტიანული ცხოვრება გამსჭვალულია ამ მოწყინებით, სევდითა და სასოწარკვეთილებით. ისინი გვეუბნებიან, რომ თქვენ სულ თავს იმდაბლებთ და ყველგან ხედავთ მხოლოდ ცოდვას, ბოროტებას. განა შეიძლება ასე ცხოვრებაო? მაგრამ ეს არის დიდი ცილისწამება ქრისტიანობის მისამართით, ვინაიდან ჩვენ არ ვხედავთ მხოლოდ ბოროტებას, ეს დიდი ტყუილია! მართალია, წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ „სოფელი ესე ბოროტსა ზედა დგას“, ანუ ეს ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული; და იგივე მოციქული ამბობს, რომ „ნუ შეიყვარებთ ამასოფელს, ნურც ამასოფლიურს რასმე“, მაგრამ ეს არ ეხება იმას, რაც ღვთის არის ამ სამყაროში, ვინაიდან სამყაროა ღვთისა.
ამქვეყნად ბევრი რამ არის ღვთისა, ბევრია სიკეთე და ბევრია სინათლე. სწორედ ამ სინათლეზე ქადაგებს ქრისტიანული სარწმუნოება. სინანულის ღვაწლი ყველაზე უკეთ ხსნის ჩვენში ამ სინათლის ძალას. რა არის ეს სინათლის ძალა? ეს არის ქრისტეს აღდგომის სინათლე. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამ სიხარულს და ვიცით, რომ ჩვენი ცოდვების ხედვა, მათთან ბრძოლა, ეს არის გზა სიხარულისკენ, რადგან მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას.
დიდმარხვაშიც, ძვირფასო ძმებო და დებო, დედაეკლესია სწორედ ამ სიხარულზე გვასწავლის. თქვენში ჩადებულია ხატება ღვთისა, – გვეუბნებოდა ეკლესია დიდი მარხვის პირველ კვირას. დიდი მარხვის მეორე კვირას ჩვენ გვესმოდა წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომ ჩვენ ვართ თანაზიარნი საღვთო ბუნებისა, მესამე კვირას (გასულ კვირას) ტაძრის შუაგულში გამობრძანებული იყო წმინდა ჯვარი, როგორც საღვთო სიყვარულის დიდი ნიშანი. აი, რა გვაძლიერებს და რა გვიცავს, რა ნიშანს ვატარებთ ჩვენს სხეულზე. და აი, დღესაც, მარხვის მეოთხე კვირასაც, უფალი მოგვიწოდებს, რომ ვირწმუნოთ ღმერთის, გვწამდეს ადამიანის და გვწამდეს იმ სიკეთის, რომელიც ყოველ ადამიანში, ჩვენშია ჩადებული; რაც არის, როგორც მოგახსენეთ, ღმერთისგან გამომავალი მარადიული ნათელი, რომელიც სინანულის გზაზე უნდა გაიხსნას ჩვენში.
დღეს ღირსი იოანე კიბისაღმწერლის მაგალითით, შემდეგ კვირას კი ღირსი მარიამ ეგვიპტელის მაგალითით ეკლესია გვაჩვენებს, თუ რა სულიერ სიმაღლეზე აჰყავს ამ სინათლის ძალას ადამიანი და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მთელი გულით ვუპასუხოთ ამ მოწოდებას, ვუერთგულოთ ღმერთის, ადამიანისა და სიკეთის ისეთ რწმენას, რომელიც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.