მხოლოდ ღმერთს შეუძლია ბოროტი ძალისგან ადამიანის გათავისუფლება. თუ კაცი მოძებნის ძალას და მოიკრებს გამბედაობას და მიმართავს ქრისტეს, იგი მას აუცილებლად შეეწევა და განკურნავს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„ ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს კვირა დღე დაემთხვა წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებას. გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვასა და ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. ეს ადამიანი იყო შეპყრობილი ეშმაკისეული დამანგრეველი ძალით, მას ჯაჭვებითა და ბორკილებით აბამდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერაფრით აკავებდნენ; იგი ამსხვრევდა ამ ბორკილებს, გარბოდა და ცხოვრობდა კლდეებსა და სამარხებში. მაშინ იყო ასეთი სამარხები კლდეებში.
და აი, ერთხელ იგი შემოხვდა უფალ იესო ქრისტეს. მან დაინახა ქრისტე, მივიდა მასთან, დაუჩოქა მას და შესძახა: „რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო ღვთისა მაღლისაო?! გევედრები, ნუ მტანჯავ მე!“ რა იყო ამ კაცის ასეთი ტანჯვის მიზეზი? – ის, რომ მასში ჩაბუდებული ეშმაკები, რომელთა სახელი ლეგიონი იყო, ანუ ლეგიონის მსგავსად მრავალრიცხოვანი, მრავალნი იყვნენ, შეხვდნენ სულიწმიდის მადლს, შეხვდნენ საღვთო მადლს ქრისტეში და ეს მათ ტანჯავდა. ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ, რომ სიძულვილითა და ბოროტებით შეპყრობილი სულები, რა თქმა უნდა, ვერ გუობენ სიწმინდესთან სიახლოვეს. ამიტომაც იტანჯებოდნენ.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს კაცი გრძნობს ქრისტეში არსებულ საღვთო მადლის ძალას, მიდის და თაყვანს სცემს მას, იჩოქებს. უფალი უბრძანებს ამ ბოროტ სულებს, რომ განეშორონ, გავიდნენ ამ კაცისგან. ამ ადამიანს გონება უნათდება, გული უმშვიდდება, ადამიანი ხდება და როგორც ლუკა მახარებელი წერს: „იჯდა იესოს ფერხთით და უსმენდა მის სიტყვებს“. შემდეგ შეევედრა, მასთან დაეტოვებინა, ანუ მოციქული რომ გამხდარიყო, მაგრამ უფალი მას გაუშვებს და ეტყვის: „წადი შინ და უამბე შენს ახლობლებს, თუ რა გიყო შენ ღმერთმა“. მართლაც, ეს კაცი მიდის სახლში და მთელ ქალაქებს ამცნობს, თუ რა გაუკეთა მას იესომ.
აი, ასეთი შესანიშნავი სახარება წავიკითხეთ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო. და დღეს ვფიქრობთ იმაზე, თუ რამ განაპირობა ამ კაცის განკურნება. განაპირობა იმან, რომ იგი მოვიდა, შეუვრდა იესო ქრისტეს, დაუჩოქა მას, მივიდა მასთან და თაყვანი სცა. აი, მხოლოდ ამან, ვინაიდან ბოროტი ძალისგან გათავისუფლება სხვანაირად არ შეიძლება.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია ბოროტი ძალისგან ადამიანის გათავისუფლება. და თუ კაცი მოძებნის ძალას და მოიკრებს ამ გამბედაობას, თუ შეიძლება ასე ითქვას, და მიმართავს ქრისტეს, იგი მას აუცილებლად შეეწევა და განკურნავს.
ჩვენ ამ ეპიზოდს არ უნდა ვკითხულობდეთ ისე, თითქოს ის ჩვენ არ გვეხება და სხვას მიემართება. არა, სინამდვილეში, ამ მონაკვეთს ჩვენთან უშუალო კავშირი აქვს, უშუალოდ გვეხება, იმიტომ რომ განა ჩვენზე არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ვართ შეკრულნი მეტად თუ ნაკლებად, რა თქმა უნდა, გარკვეული ზომით. მადლობა ღმერთს, აბსოლუტურად არ ვართ შეპყრობილი, როდესაც მთელი სულიც, გონებაც, ნებისყოფაც – აღარაფერი აღარ ეკუთვნის ადამიანის და მას ეშმაკი მართავს. მადლობა ღმერთს, ასე არ ვართ, მაგრამ მეტად თუ ნაკლებად, გარკვეული ზომით ყველა ადამიანზე შეიძლება ითქვას, რომ ის არის შეპყრობილი. განა ჩვენ არ ვყოფილვართ ასე? განა ჩვენზე არ შეიძლება ითქვას, რომ ვართ შეკრულნი ამა თუ იმ ვნებით, ამა თუ იმ ცოდვით? რომელ ჩვენგანს შეუძლია თქვას, რომ მასში არ ყოფილა მრისხანება, არ ყოფილა განკითხვა, არ ყოფილა სიძულვილი, მისი გონება არ დაუბნელებია ამ სიძულვილს, ქედმაღლობას, მისი ნებელობა არ წარუმართავს ბოროტებისკენ და ასე შემდეგ, ათასი ცოდვა შეიძლება ჩამოვთვალოთ.
მაშასადამე, ჩვენც ვართ ამ არაწმინდა ძალების გავლენის ქვეშ. ამიტომ გვეხება დღეს ჩვენ ეს სახარება, ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ის თვისება, რომელიც აბნელებს ჩემს გონებას, რომელიც ჩემს ნებელობას მიმართავს ბოროტებისკენ, რომელიც ჩემს სიტყვებს, ჩემს მეტყველებას აუხეშებს და ჩემს ქმედებებს დამანგერველეს ხდის, რა არის ეს ჩემში? – აი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ დღეს.
და აი, ამ ღადარინელი ეშმაკეულის მსგავსად ჩვენ შეგვიძლია, მივიდეთ ქრისტესთან, ჩვენ უნდა მივიდეთ ქრისტესთან, თუ გვინდა, რომ გავთავისუფლდეთ, მივიდეთ აღსარებით, მივიდეთ ზიარებით, მივიდეთ ეკლესიური ცხოვრებით, მივიდეთ წმინდა ზეთისცხებით, მივიდეთ ლოცვით, მივიდეთ ჩვენი ახლობლების შუამდგომლობით, წმინდანების შუამდგომლობით და ა.შ. და ჩვენ განვიკურნებით და გავთავისუფლდებით.
მაგრამ როგორც ეს ღადარინელი ისურვებს, რომ დარჩეს ქრისტესთან, ჩვენც ამის შემდეგ უნდა გვინდოდეს ქრისტესთან დარჩენა; ოღონდაც გვინდოდეს ქრისტესთან დარჩენა, ოღონდაც აღარ მივუბრუნდეთ იმ მომაკვდინებელ ცოდვებს, რომლებიც ანგრევდნენ ჩვენს სულს, ოღონდაც მოგვინდეს, როგორც ამ ღადარინელმა, დავამოწმოთ ქრისტე და ვიქადაგოთ, ვამცნოთ ყველას, თუ რა სიკეთე გაგვიკეთა ჩვენ უფალმა, რომელიც არის მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა, და რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამო მამით მისით და ყოვლადწმინდით, სახიერით და ცხოველმყოფელი სულითურთ აწ და მარადის და უკუნით უკუნისამდე, ამინ!
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჩვენ ვლოცავთ ჩალაბაშვილების გვარს. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ.
შეგახსენებთ, რომ წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით დღეს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე შესრულდება პარაკლისი“,- აღნიშნულია მეუფე შიოს ქადაგებაში.