მეუფე შიო მუჯირი - გამჭვირვალობის კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, სულიერი შვილები, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი ადამიანების ერთად შეკრება
მეუფე შიო მუჯირი - გამჭვირვალობის კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, სულიერი შვილები, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი ადამიანების ერთად შეკრება

გამჭვირვალობის კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, სულიერი შვილები, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი ადამიანების ერთად შეკრება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა და მრევლს  მიმართა.

მისივე თქმით, ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად.

„თვალყურს ვადევნებთ იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და ახლაც უკავშირდება პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, დიდი დაპირისპირება და ამაზე გვპასუხობენ ასევე ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები. კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება, მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, წარმოქმნას ადამიანებში თანხმობისა და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა.

სიყვარული როდესაც არის, მაშინ არის ღვთის მადლიც, მოქმედებს ღვთის მადლიც და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად. როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ არც ღვთის შეწევნა არ არის და პატარა მიზეზმაც კი შეიძლება, გამოიწვიოს დიდი მტრობა, დაპირისპირება. ამიტომ აქვს სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა, სიყვარულის უმთავრესი სკოლა კი გახლავთ სწორედ ოჯახი. ოჯახში უნდა სწავლობდეს ადამიანი სიყვარულს და იზრდებოდეს სიყვარულში, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა. ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს, სწორედ ეს არის დღეს ჩვენი შეკრების, ლოცვითი მსვლელობის მიზანი“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.