მეუფე შიო - მრავალი შეცდომის მიუხედავად, ჩვენი ერი ყოველთვის ცდილობდა, ღვთის გზით ევლო, უფალიც ყოველთვის გვეწეოდა, იმედი გვაქვს, მომავალშიც ამ გზით თუ ვივლით, მადლი სულისა წმინდისა არ დაგვტოვებს
მეუფე შიო - მრავალი შეცდომის მიუხედავად, ჩვენი ერი ყოველთვის ცდილობდა, ღვთის გზით ევლო, უფალიც ყოველთვის გვეწეოდა, იმედი გვაქვს, მომავალშიც ამ გზით თუ ვივლით, მადლი სულისა წმინდისა არ დაგვტოვებს

მრავალი შეცდომისა და დაცემის მიუხედავად, ჩვენი ერი ყოველთვის ცდილობდა, რომ ღვთის დადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის გვეწეოდა ჩვენ ამაში, ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს; ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინებათაგან განსაკუთრებული არის მცხეთაში, ამ ტაძარში – მაცხოვრის საუფლო კვართი, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა არის ღვთისგან ჩვენი ერის დიდი ლოცვა-კურთხევა, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელს საქართველოს მისი კურთხევა. ამ შესანიშნავ დღეს, ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოზეც და მომავალზეც. ვფიქრობთ იმაზე, რამ განაპირობა, რა ძალამ და მადლმა, რომ ამდენი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და გადარჩა. ღირსმა მაქსიმე აღმსარებელმა თქვა ასეთი შესანიშნავი რამ, რომ ვიდრე ღმერთი შექმნიდა სამყაროს, შექმნიდა საუკუნეებს უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, მან განსაზღვრა უკვე ყოველი ადამიანის ცხოვრება ადამიანისთვის სასარგებლოდ. ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი ამ საღმრთო გზით ატაროს. ამიტომ, ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს. ჩვენ შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა, რომ ამ ღვთის დადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის გვეწეოდა ჩვენ ამაში და ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს; ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინება არის მცხეთაში მაცხოვრის საუფლო კვართის მობრძანება, ჩვენი ერის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, წმინდა ანდრია პირველწოდებულის და სხვა მოციქულების ჩვენს მიწა-წყალზე ქადაგება, შემდეგ, მეოთხე საუკუნეში წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს მობრძანება და ქადაგება, წმინდა მოციქულთა სწორთა მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მოქცევა, ქართლის მოქცევა, მთელი ჩვენი ერის გაქრისტიანება, სვეტიცხოველთან და მცხეთის ჯვართან დაკავშირებული მოვლენები და სასწაულები, შემდეგ მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვება. ასეთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ასევე, მეექვსე საუკუნეში ღირსი ასურელი მამების ჩამობრძანება და ჩვენს ქვეყანაში მონაზვნობის და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება და დაფუძნება. შემდეგ იყო ბაგრატიონთა დინასტიის დაარსება და ა.შ, მაგრამ ამ ჩამოთვლილი მოვლენებიდან, განსაკუთრებული იყო წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და დავანება მცხეთაში ამ წმინდა ტაძარში“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, ეკლესიის მამების სწავლებით, საუფლო კვართი არის სიმბოლო ღმერთისგან მომავალი ერთობის, იმ ერთობის, რომლის დარღვევაც არ ძალუძს კვართის მფლობელს.

მეუფე შიომ აღნიშნა, რომ საუფლო კვართი არის ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო და შესაბამისად, იესო ქრისტეს სიმბოლოც.

„წმინდა მამები წერდნენ, რომ ქრისტეს შესამოსელი ვერ ექნება იმას, ვინც განყოფს და არღვევს ქრისტეს ეკლესიას. ამ ერთობაზე უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, როდესაც ამბობს, რომ მე და მამა ერთ ვართ, ერთნი ვართ. ასევე, როდესაც იგი ლოცვით მიმართავს მამა ზეციერს, თქვენ გახსოვთ სამეუფეო ლოცვაში იგი ლოცულობს ყოველი მორწმუნისთვის და ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ მამაო გევედრები, რომ ის დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მე მათ მივეცი, რომ ისინიც ერთ იყვნენ, როგორც მე და შენ ერთნი ვართ. ამრიგად, საუფლო კვართი არის ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო და შესაბამისად, უფალ იესო ქრისტეს სიმბოლოც, როგორც მის მიერ დაარსებული ეკლესიის მეთაურისა, თავისა. ეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა, ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან ჩვენი ერის, როგორც ღვთისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება, კვართის მცველობა, რაც გულისხმობს თავდადებას და მოღვაწეობას ეკლესიის ერთიანობის და სიწმინდის შენარჩუნებისთვის. ამიტომაც, მათ ასე უმწიკვლოდ შემოინახეს და წმინდად მართლმადიდებელი სარწმუნოება ჩვენამდე. ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა ძალამ გადაგვარჩინა ჩვენ. რამ მოგვიყვანა აქამდე და ამაზე შესანიშნავად პასუხობს წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე. ის წერდა, რომ ქართველი ერი ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და ეკლიანი გვირგვინი დაიდგა, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება არავის შეარყევინა და ნათელი ბნელზე არავის შეაცვლევინა. მხოლოდ ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება. ეს არის წმინდა ილია მართლის სიტყვები და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც ღვთის მადლით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით, ჩვენ, ჩვენი ერი ინახავს წმინდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას და გვწამს. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც, თუ ჩვენ ამ ღვთის დადგენილი გზით ვივლით, თუ ვეცდებით, რომ აღმოვფხვრათ ის ცოდვები, რომელიც არის მიუღებელი ღვთისთვის, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გამრავლებას, განვითარებას, სულიერ აღმავლობას, მაშინ მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო, ამიერიდანაც არ დაგვტოვებს, ჩვენთან იქნება, შეგვეწევა და გაგვაძლიერებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ინებოს უფალმა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით, წმინდა საუფლო კვართის მადლითა და ძალით გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.