მეუფე შიო - ილია მეორე 43 წელიწადია, ჩვენი ერისა და ეკლესიის დიდი წინამძღოლია, უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ გამოგვიგზავნა ასეთი რჩეული ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში
ილია მეორე 43 წელიწადია, ჩვენი ერისა და ეკლესიის დიდი წინამძღოლია, უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ გამოგვიგზავნა ასეთი რჩეული ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულზე აკურთხა ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. ზუსტად ამ დღეს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს იკურთხა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ეს დიდებული და შესანიშნავი ტაძარი იკურთხა და მინდა, დიდი სიყვარულით, თქვენთან ერთად მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეს დღე. მისთვის წმინდა გიორგი იმდენად საყვარელია, რომ ამ დღეს აკურთხა ეს შესანიშნავი ტაძარი. ჩვენ მადლობა ვუთხრათ დღეს მის უწმინდესობას და უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული ერისა გამოგვიგზავნა, მოგვივლინა უფალმა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. და მისი უწმინდესობის ცხოვრებაც, შეიძლება ითქვას, არის მოწამებრივი სვლა, მოწამებრივი სულიერი გზა. იგი გვინათებს ჩვენს ცხოვრებაში და გვასწავლის, უკვე 43 წელიწადია, რა არის გზა, ჭეშმარიტება, და რა არის ცხოვრება. არის დიდი წინამძღოლი ჩვენი ერისა და ჩვენი ეკლესიის. ღმერთმა გააძლიეროს და მრავალჟამ ყოფილიყოს მისი სიცოცხლე და მისი დღეგრძელობა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.