საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მორწმუნეებს ნინოობის დღესასწაული თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან მიულოცა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნინოობას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოლოცვას.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყოველთვის იკითხება სახარებიდან იგავი ათ ქალწულზე, რომელთაგან ხუთი იყო ბრძენი, ხოლო ხუთი – სულელი.
ეს იმიტომ უკავშირდება წმინდა ნინოს ხსენებას, რომ წმინდა ნინო იყო ნამდვილად ბრძენი ქალწული, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე დაუთმო არა მხოლოდ თავისი სულის გადარჩენას, არამედ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებასა და გავრცელებას. ნაყოფიც მისი ამ სამოციქულო ღვაწლისა იყო დიადი – ჩვენი ერი მოექცა ქრისტიანობაზე; და როგორც შესანიშნავად ამბობს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), წმინდა ნინომ დაგვაწაფა ჩვენ ქრისტეს მოძღვრებას, საღვთო ჭეშმარიტების ამ დაუშრეტელ წყაროს, რომელმაც იშვილა ჩვენი სამშობლო, ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს წარმოთქვამს წმინდა ილია მართალი.
ამ იგავში ქალწულები ანთებული ლამპრებით ეგებებიან სიძეს. ქალწულში იგულისხმება ყოველი ჩვენგანი, ყველა ადამიანი. სიძე – ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც იმდენად უყვარს ყოველი სული, რომ სიცოცხლე დასდო ჩვენს გადასარჩენად და ყოველ ჩვენგანს ელოდება საქორწინო სიხარულში, ქორწილში.
ამ ქალწულებიდან ზოგი შეიძლება იყოს გონიერი, ანუ წინდახედული, ზოგიერთი კი – უგუნური, ანუ წინდაუხედავი.
ლამპრის ზეთი რა არის? – ეს არის კეთილი თვისებები, სათნოებები, რომელთაც ადამიანი მოიპოვებს, ან სხვაგვარად განიმარტება, როგორც სულიწმიდის მადლი, რომლის გარეშე ადამიანს არცერთი სიკეთის გაკეთება არ შეუძლია, რომელიც სათნოა, სასურველია ღვთისთვის.
ლამპარი რა არის? ლამპარი – ეს არის ჩვენი გულები, რომლებიც შეიძლება სავსე იყოს მადლით, სიკეთით, სიწმინდით; ან შეიძლება სავსე იყოს უკეთურებით, ვნებებით, ბოროტებით. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული ცხოვრებაც – არის თუ არა ეს მადლი ჩვენში, შემოვა თუ არა მადლი, ანუ სასუფეველი ღვთისა დაიმკვიდრებს თუ არა ჩვენს სულში, რამეთუ, როგორც გახსოვთ, უფალი ბრძანებს, რომ სასუფეველი ღვთისა თქვენშია.
აი, სიძე მოდის და გონიერი ქალწულები, რომლებიც ანთებული ლამპრებით ხვდებიან მას, შედიან ქორწილში, ხოლო სულელ ქალწულებს, რომლებსაც გამოელევათ ეს ზეთი, უფალი, სიძე, ეტყვის: „ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, მე არ გიცნობთ თქვენ!“ და ამ ქორწილის კარი იკეტება.
აქ საოცარი ის არის, რომ ამ ქალწულებს თითქოს არავინ საყვედურობს, რომ ქალწულება დაკარგეს ან შეურაცხყვეს, ისინი გარეგნულად იცავდნენ ამ ქალწულებას, მათ გარკვეულ დრომდე ლამპრებიც კი ანთებული ჰქონდათ. ე.ი. გარკვეული, რაღაც ნაწილობრივი სიკეთე მაინც ჰქონდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რჩებიან ამ ქორწილის მიღმა, იმიტომ რომ ჯეროვნად არ იზრუნეს თავიანთი სულების განწმენდაზე. ანუ გარეგნულად იცავდნენ, გარეგნულად თითქოს კარგები იყვნენ, მაგრამ არ იზრუნეს თავიანთი სულის განწმენდაზე, არ შეიცნეს ვნებებისა და ცოდვების სიმრავლე, რაც არის ჩვენი სულის სიღრმეში, და საიდუმლოდ აი, ამ შინაგან ვნებებს ეთანხმებოდნენ გულის სიტყვებით, თავიანთი აზრებით, ამით სცოდავდნენ და ამიტომ კარს უკეტავდნენ სულიწმიდის მადლს, რომ მათ სულში შემოსულიყო. აი, ეს ნიშნავს, რომ „დაეხშო კარი“ და უფალი ამბობს: „მე თქვენ არ გიცნობთ, იმიტომ რომ სულიწმიდა, სული ღვთისა, არ არის თქვენში“. აი, ასეთი საოცარი სიტყვებია.
დაბოლოს, უფალი ამ იგავს ასეთი სიტყვებით ასრულებს: „ფხიზლად იყავით, ვინაიდან არ იცით არც დრო და არც ჟამი, როდესაც ძე კაცისა მოვა“.
ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, ფხიზლად ვიყოთ ჩვენც და თუ გვსურს, რომ სიძის მარადიულ სიხარულში შევიდეთ, მაშინ ამაო საზრუნავში არ გავლიოთ ჩვენი დარჩენილი ცხოვრება, არამედ ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი სულის ლამპრებიც იყოს ანთებული და სავსე მადლითა და სიკეთით, რისი დიდებული მაგალითიც არის ჩვენთვის წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი, ქალწული ნინო, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ, ყველანი, ერთად აღვასრულებთ.
მინდა, განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, ვინაიდან იგი გახლავთ ჭეშმარიტად გამგრძელებელი წმინდა ნინოს ქადაგებისა და მისი სამოციქულო ღვაწლისა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მსახურების შედეგად ჩვენი ერი ხელახლა მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ჩვენ ამისთვის დიდად ვმადლობთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და ვუსურვებთ მას დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას მრავალჟამიერ!
თქვენ იცით, რომ ასევე მის უწმინდესობას შეუსრულდა დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წელი. ამასთან დაკავშირებით, დღეს ნიშნად ამ დღესასწაულისა, თქვენ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისგან დაგირიგდებათ ლოცვა-კურთხევის სახით ჯვრები, რომლებიც მის მიერვე არის ნაკურთხი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ნინოობის დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. წმინდა ნინოს ლოცვითა და მეოხებით, უფალმა გაახაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს საქართველო, ამინ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.