მეუფე შიო - ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, მარხვას იცავს, წმინდა წერილი და ყველა ლოცვა ზეპირად იცის, შეიძლება, ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს
მეუფე შიო - ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, მარხვას იცავს, წმინდა წერილი და ყველა ლოცვა ზეპირად იცის, შეიძლება, ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

დიდმარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა!

ეს დღე, როგორც ზეიმი დიდი მარხვის პირველი კვირის დასასრულს, დაწესდა ხატმებრძოლობის, მწვალებლობის დამარცხების აღსანიშად, მაგრამ ამ ზეიმში იგულისხმება ზოგადად ყველა მწვალებლობის, ერესის დამარცხება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

სწორედ ამასთან დაკავშირებით არის შერჩეული დღეს წაკითხული სახარების ის მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მიდის გალილეაში, ნახავს ფილიპეს და ეტყვის, რომ გაჰყვეს მას. შემდეგ ფილიპე მიდის ნათანაელთან.

ფილიპეცა და ნათანაელიც იყვნენ ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქეები, ისინი გენისარეთიდან იყვნენ. ფილიპე იპოვის ნათანაელს და ეტყვის: „ჩვენ ვნახეთ ის, ვის შესახებაც წერდნენ მოსე და წინასწარმეტყველები – იესო იოსების ძე, იესო ნაზარეველი“.

ნათანაელი მიდის უფალ იესო ქრისტესთან. უფალი დაინახავს მისკენ მიმავალ ნათანაელს და ამბობს იმ სიტყვებს, რომელთა გამოც გამოირჩა სახარების ეს მონაკვეთი მათ მიერ, ვინც შეადგინა ჩვენი დღევანდელი ღვთისმსახურება. ნათანაელის დანახვაზე უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რამეთუ მისთვის უცხო არს ზაკვა“. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს უფალი. დავუფიქრდეთ ამ სიტყვებს.

თქვენ იცით, რომ ჭეშმარიტ ისრაიტელში უფალი იესო ქრისტე არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ნათანაელი ეროვნებით ებრაელი იყო, არამედ აქ იგულისხმება უფრო სულიერი თვისება ჭეშმარიტი ისრაიტელისა, როგორც კუთვნილება საღმრთო, რჩეული ერისა.

აი, მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ წმინდა წერილისთვის დამახასიათებელია ადამიანების სახელდება არა ხორციელი წარმოშობის, არამედ მათი სათნოებების მიხედვით.

აქაც უფალი ნათანაელს ჭეშმარიტ ისრაიტელს უწოდებს არა იმიტომ, რომ იგი ხორციელად აბრაამის შთამომავალი იყო, – გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ქვებისგანაც შეიძლება აბრაამის ძენი აღადგინოს ღმერთმაო, – არამედ, ვიმეორებ, აქ იგულისხმება მისი სულიერი თვისებები – ნათანაელი არის წრფელი, წმინდა, მასში არ არის ზაკვა. ეს არის ჭეშმარიტი ისრაიტელის თვისება.

დღეს ვინ არიან ჭეშმარიტი ისრაიტელები? ვინ არის დღევანდელი რჩეული ერის წარმომადგენელი, გარდა ებრაელებისა?

ჭეშმარიტი ისრაიტელი არის ყველა ის ქრისტიანი, ვინც არის ჭეშმარიტი სარწმუნოების წევრი, მორწმუნენი, მონათლულნი და ეკლესიის წევრნი.

ამდენად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. ამიტომ შეირჩა დღევანდელი მსახურებისთვის სახარების ეს მონაკვეთი წმინდა მამების მიერ.

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის არა მხოლოდ ის, ვინც ტაძარში დადის, თუმცა ესეც აუცილებელია; მართლმადიდებელი არ არის ის, ვინც ყველა მარხვას იცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა; არა ის, ვინც ყველა ლოცვა და მთელი წმინდა წერილი ზეპირად იცის და ყველაფერს კარგად ასრულებს. ეს არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, იგივე ჭეშმარიტი ისრაიტელი.

მაშ, ვინ არის?! ამ კითხვაზე პასუხს თავად სახარება სცემს: ეს არის ის, ვისთანაც არ არის ზაკვა!

რას ნიშნავს ზაკვა ამ შემთხვევაში?

ეს არ არის მხოლოდ სიცრუე, როგორც ჩვენ გვესმის ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად ყველაფერი, რაც ბოროტისგან მომდინარეობს. ეს არის სიყალბე ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ცდილობს, სხვანაირი გამოჩნდეს. იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია. აი, ეს არის სიყალბე, ეს მიუღებელი და საძულველია ღვთისთვის, რადგან როდესაც ადამიანი თავის სულიერ ენერგიას იმისთვის ხარჯავს, რომ მხოლოდ გარეგნულად მოაჩვენოს ვინმეს რაღაც, რა თქმა უნდა, ეს ღვთისთვის მიუღებელი და დიდი ცოდვაა.

სახარებიდან კარგად გახსოვთ, როგორ ლმობიერად ეპყრობოდა უფალი იესო ქრისტე დიდ ცოდვილებს, როგორ ეალერსებოდა, როგორ სწყალობდა, როგორ ცდილობდა მათ გამოსწორებას ყოველთვის, მაგრამ ფარისევლებს, რომლებიც გარეგნულად წარმოაჩენდნენ თავს და ეგონათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვაგვარად მიმართავდა. გარეგნულად ისინი, მართლაც, სანიმუშონი იყვნენ – მარხულობდნენ, ლოცულობდნენ, მოწყალებას გასცემდნენ, ტაძარსაც და სამღვდელოებასაც ინახავდნენ, წმინდა წერილსაც სწავლობდნენ, გარეგნული თვალსაზრისით, ყველაფრით სანიმუშონი იყვნენ, მაგრამ მათ ასე მიმართავდა უფალი: „ნაშობნო, იქედნეთანო“.

რას ნიშნავს „იქედნეთა ნაშობნი“? ეს გველის ნაშობს ნიშნავს. რატომ? იმიტომ, რომ მათში იყო ზაკვა და სიყალბე.

უფალი ამბობს, რომ „ეკრძალეთ ცოდვისაგან ფარისეველთა, რომელიც არის თვალთმაქცობა“, ანუ ორგულობა. ეს ორგულობა არის სწორედ ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ის მდგომარეობა, როცა სიყალბეა ადამიანში.

რა თქმა უნდა, ის გარეგნული თვისებები, რომლებიც ჩამოვთვალე, საჭიროა, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ჰქონდეს ადამიანს და მართლმადიდებელი არ იყოს. უფლისთვის კი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სულია, რომლისთვისაც მან სისხლი დაღვარა და თავისი ცხოვრება გაიღო.

ამიტომ, დღეს დიდი მარხვის პერიოდში საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა: ვინ ვარ მე?! ამისთვის არის ეს დიდი მარხვა. ვარ მე ჭეშმარიტი ისრაიტელი?! – თუკი საკუთარი თავისადმი დასმული ეს კითხვა გულწრფელი იქნება, რა შეიძლება იყოს მისი პასუხი?

ის, რომ მე ვარ საბრალო და ცოდვილი ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება გამოხსნა და გადარჩენა. ვინც ასე ფიქრობს, აი, ასეთ ადამიანს გადაარჩენს ღმერთი. ჩვენი მიზანია, ღმერთს დავეხმაროთ ჩვენს გადარჩენაში; ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შევეწიოთ ღმერთს, დავეხმაროთ მას, რომ ჩვენვე გადაგვარჩინოს, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა უნდა. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „უფალს სურს, ყოველი კაცი გადარჩეს და შეიცნოს ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტება არის თავად უფალი იესო ქრისტე“.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი შესანიშნავი მონაკვეთი წავიკითხეთ დღეს სახარებიდან და თუ ასე ვიცხოვრებთ, ასეთი მიზანი გვექნება ცხოვრებაში, არ გვექნება ზაკვა, არ იქნება ყალბი ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანებთან, სწორედ მაშინ შეგვეძლება გავხდეთ მართლაც ჭეშმარიტი ისრაიტელები, ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ასევე აღნიშნა, რომ 1990 წელს, მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტული აღიარების სიგელები გადაეცა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას. 1990 წელს, ზუსტად მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, უწმინდესმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და, მისი სახით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა ორი სიგელი, რომლებითაც აღიარებულ იქნა ჩვენი ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული, როგორც უძველესი დროიდან არსებული.

ეს არის უდიდესი მოვლენა. გილოცავთ ამ დღეს!

როგორც ვთქვი, ეს მოხდა მართლმადიდებლობის ზეიმზე. დღეს ჩვენ დიდი მადლიერებით ვიხსენებთ უწმინდეს დიმიტრიოსს და, რა თქმა უნდა, მადლობას ვწირავთ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რადგან აი, ამ დიდ მოვლენას წინ უძღოდა მისი ძალიან დიდი და მრავალწლიანი შრომა, დაუღალავი მუშაობა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები. თავისთავად ეს მოვლენა უდიდესია და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამას გარდა, ამ დოკუმენტში სწორედ მისი უწმინდესობის მეცადინეობითა და დიდი ღვაწლის შედეგად ჩაიწერა უმთავრესი, რომ ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია აქვს უძველესი დროიდან.

ამ დოკუმენტის შექმნის პროცესში არსებობდა აზრი, რომ საქართველოს ეკლესიისთვის მოენიჭებინათ ავტოკეფალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არასწორი იყო, რადგან ჩვენ ავტოკეფალია ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნიდან გვქონდა მონიჭებული.

და აი, კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მიაღწია იმას, რომ დოკუმენტში ჩაწერილიყო არა „მონიჭება“, არამედ მოხდა აღიარება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული საეკლესიო დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა.

ასე რომ, დღეს ყველამ ერთად მადლობა ვუთხრათ ძვირფას უწმინდესს ასეთი დიდი ღვაწლისთვის. მისი უდიდესი ავტორიტეტის, მისი საოცარი სიბრძნისა და დიდი სულიერების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ასე ადვილად არ მოხდებოდა ან შეიძლება, საერთოდ არ მომხდარიყო, ან ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის უახლესი ისტორია.

ასე რომ, ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქი ილია მეორე და ჩვენი ერი, რომელიც ოდითგანვე, მუდამ იყო ერთგული მართლმადიდებლობისა და ჭეშმარიტებისა.

სხვათა შორის, დღეს ასევე იმიტომ იკითხება სახარების ეს მონაკვეთი, რომ ნათანაელი ბოლოს ასეთი სიტყვებით მიმართავს უფალს: „შენ ხარ ძე ღმრთისა, შენ ხარ მეუფე ისრაელისა“ – აი, ასეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს იგი, გარდა იმისა, რომ უზაკველი და წმინდაა ზნეობრივად, სულიერად.

ჩვენი კათოლიკოს-პატრიაქიც და ჩვენი ერიც ყოველთვის იყვნენ ერთგული ამ დიდი სიწმინდისა. უფალმა მოგვცეს ძალა, რომ ასე გაგრძელდეს და ჩვენი ერი მრავალჟამიერ ყოფილიყოს ერთგული მართლმადიდებელი ეკლესიისა! ჩვენთან არს ღმერთი!“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

დატოვე კომენტარი