მეუფე პეტრე - ველოდები, რომ პატრიარქი მეუფე შიოზე განმარტებას გააკეთებს
ველოდები, რომ პატრიარქი მეუფე შიოზე განმარტებას გააკეთებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ საქმის კურსში არ არის.
„ბოლო რვა თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა, ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, კრებას დაველოდოთ. კრება იმიტომ იკრიბება, რომ საკითხები განხილული კრებაზე იქნას.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, წმინდა მღვდელი თევდორე კველთელის ხსენებისა. მღვდელი, რომელმაც თავი ერისა და მეფის გადასარჩენად გასწირა. შევთხოვ უფალს, მისი შეწევნით, წმინდა სინოდის სხდომა დალოცოს და ბევრი მომადლოს საქართველოს ეკლესიას და ერს ერისთვის თავდადებული ადამიანები“, – აღნიშნა მეუფე პეტრე.
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. მღვდელმთავრები ამ წუთებში იკრიბებიან. სხდომას, ტრადიციულად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. ეს სინოდის პირველი გეგმური სხდომაა მიმდინარე წელს. როგორც წესი, წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს. ბოლო სხდომა გასული წლის ოქტომბერში გაიმართა.
2017 წლის 23 ნოემბერს ქაშვეთში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო დაასახელა.