მეუფე პეტრე - უნდა დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა
მეუფე პეტრე - უნდა დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმირებული არ არის, თუმცა საქართველოს ეკლესიაში ბევრი პრობლემური საკითხია დაგროვილი. ამის შესახებ მეუფე პეტრემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

„სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, იმდენი პრობლემური განსახილველი საკითხია დაგროვილი დღეს საქართველოს ეკლესიაში, რომ დღევანდელი სხდომა არ ეყოფა. თუ ნება იქნა სინოდის კრების სხდომები ალბათ რამოდენიმე დღე უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, პირველი საკითხი, რაზეც სინოდმა უნდა იმსჯელოს, ე.წ. ციანიდის საქმეა.

„ვფიქრობ, პირველი საკითხი მაინც ჩემთვის პირადად, სამივე ინსტანციის შემდეგ, ე.წ. ციანიდის საკითხი უნდა იყოს. საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს უსამართლობა და ცინიზმი უნდა იმხილოს, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა და მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. ყოფილი თუ მოქმედი პირების უპასუხისმგებლობა უნდა იმხილოს, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით განცხადებები გააკეთეს. ვფიქრობ, ეს უსჯულოება და ბოროტება უნდა იმხილოს, ზოგადად, დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ამ წუთებში საპატრიარქოში მიმდინარეობს.