მეუფე პეტრე - იმედია, პატრიარქის ქადაგება სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკური შინაარსის განცხადებებთან დაკავშირებით, ნაყოფს გამოიღებს
ზოგადად, შეიძლება, ნებისმიერმა სასულიერო პირმა ნაწილობრივ, გარკვეული დოზით, თავი ჩათვალოს პატრიარქის მიმართვის ადრესატად და მათ შორის, გამონაკლისი არც მე ვარ, რომ ამ მიმართვას პრევენციულად არ შევხედო, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“.
„მე ჩემი ნებისმიერი სიტყვის პასუხისმგებელი ვარ დროში, მეორედ მოსვლამდე, სანამ ცოცხალი ვარ და გარდაცვალების შემდეგ. ეკლესიის ამბიონიდან, თუ კათედრიდან გაჟღერებულ ნებისმიერ განცხადებას ბუნებრივია, პასუხისმგებლობით ვეკიდები. პატრიარქის განცხადება ძალიან დიდი პატივისცემით მივიღე. თუ ვიმსჯელებთ პრინციპით – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, არის ძალიან კარგი, იმედია, თავის ნაყოფს გამოიღებს და რა თქმა უნდა, შედეგზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ამ განცხადებით მეუფე პეტრემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მიიჩნევს თუ არა ის თავს პატრიარქის მიმართვის ადრესატად, სადაც ილია მეორე ამბობს, რომ „სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთან, საჯაროდ, არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს“.
ასევე, შემოქმედელი მიტროპოლიტის განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ნებისმიერი მღვდელმთავარი ვალდებულია, თქვას ის, რასაც ფიქრობს.
„ანუ, ეს აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, რა თქმა უნდა, სახარების ცნებებთან, წმინდა წერილთან და სჯულის კანონთან მიმართებაში. სეკულარული სახელმწიფოს პირობებში, როცა სეკულარიზმს ვახსენებთ, აქ წერტილს ვერ დავსვამთ. ისევე, როგორც, დავუშვათ, როცა ვაღიარებთ, რომ ამ სამყაროში სიკეთე და ბოროტება არსებობს და ამით არ მთავრდება. არის მუდმივი, განუწყვეტელი ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.