მეუფე ნიკოლოზი - ვაქცინაციის დემონიზაცია სრულებით მიუღებელია, ანტივაქსერულ კამპანიაში მონაწილეობა გამართლებულად არ მიმაჩნია
ვაქცინაცია არ არის რელიგიური შინაარსის თემა. ერთადერთი რელიგიური შინაარსის ისაა რომ, არ შეიძლება ადამიანისთვის დაძალება არც აცრის და არც აუცრელობის, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის დემონიზაცია მიუღებელია.
„წმინდა სინოდის სხდომაზე ვთქვით, რომ ამას ზიარებასთან კავშირი არ ექნება. ეს თითოეულმა მოქალაქემ პირადად უნდა გადაწყვიტოს ექიმებთან კონსულტაციის შედეგად. ეს სამედიცინო შინაარსის თემაა. არც აცრაა სავალდებულო, არ შეიძლება ძალდატანება. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის დემონიზაცია არის სრულებით მიუღებელი და ყველა მცდელობა, რომ ვაქცინაში ეშმაკისეული რაღაც ჩავტენოთ, შინაარსიანი არ არის. პირადად მე, კონსულტაცია გავიარე ექიმთან და მან აცრა არ მირჩია. აცრისაკენ მოწოდებას სამედიცინო განათლება სჭირდება, რომელიც მე არ გამაჩნია. ამიტომ, ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, ვინმეს აცრისკენ ან თავშეკავებისკენ მოვუწოდო. ეკლესია ყოველთვის კომპეტენტური უნდა იყოს თავის სფეროში. ეს რომ საღვთისმეტყველო საკითხი ყოფილიყო, მაშინ მოწოდებას აუცილებლად გავაკეთებდით“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება რეგულაციების დაცვის საკითხს, როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, საპატრიარქომ ამასთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა და თავადაც ყველას მოუწოდებს, რომ წესები სათანადოდ დაიცვან.
„საპატრიარქომ, უწმინდესმა რეგულაციებთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა და მეც ყველას მოვუწოდებ, ძალიან მკაცრად დაიცვან რეგულაციები. პირველ რიგში, ეს ქრისტიანისთვის სათნოებაა, როდესაც ეკლესია მორჩილებისაკენ მიგითითებს. ჩვენ მოვუწოდებთ, დაიცვან დისტანცია, გაიკეთონ ხშირად ტესტები. „პისიარ“ ტესტზე საპატრიარქომ ხელშეკრულება გააფორმა და ჩვენ ამას რეგულარულად ვიკეთებთ, პირადად მე, რეგულარულად ვიკეთებ, ვიდრე საკურთხეველში შევალ. ერთადერთი ჩვენი იარაღი და ძალა არის სიტყვა. ჩვენ სხვა შიდა რეგულაციები არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არანაირი პოლიციური სისტემა. ჩვენ მხოლოდ შეფასებებს ვაკეთებთ. ჩემი აზრით, ყოველგვარი დემონიზაცია, კამპანია აბსოლუტურად გაუმართლებელია. ანტივაქსერული კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა და თუ ამაში ჩვენი სასულიერო პირებიც იღებენ მონაწილეობას, გამართლებულად არ მიმაჩნია. მოვისმინე პრეზიდენტის მიმართვა, ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ესაა პირადი მაგალითი. ასეთი მღვდელმთავრებიც, მრევლიცაა, რომლებიც იცრებიან. პირადად მე, თანახმა ვარ, მზად ვარ, თუ ვინმეს გამხნევებისთვის საჭირო იქნება, ეს გავაკეთო. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის ეს რეკომენდებული, უფრო სწორედ, არ არის აუცილებელი აცრა, ექიმმა ასე მითხრა“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.