მეუფე ნიკოლოზი - რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, აღსარება თქვა, ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ის მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ახალი აღთქმის მეექვსე – შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შეუსრულა.
„დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო, მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები. მე პირადად, 2 საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო. შვიდჯერ ზეთისცხება, ასე უფროა ხალხისთვის ცნობილი. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური მკურნალობა, განკურნებაც ხდება და ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ასეთ დროს ადამიანს. ლოცვებში ეს ორივეა, ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული – ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა. მე ღრმად მწამს, რომ ძალიან კარგად იმოქმედებს ეს მის ჯანმრთელობაზე, რადგან ბევრი ექიმისგან გამიგია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი არ არის კონტაქტური, თუ ექიმი არ არის მორწმუნე, როცა ეს საიდუმლოება განსაკუთრებით რეანიმაციაში სრულდებოდა ხოლმე, ყოველთვის იყო შედეგი და ამან ჩემი რწმენა გამიძლიერა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს საიდუმლოება მისთვის შემესრულებინა. შევედი, მოვინახულე, ის ორი საათი ესწრებოდა ამ ლოცვებს და ვაცხე ზეთი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ამასთან, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან დასუსტებული მოეჩვენა.
„მე არ მაქვს არავითარი კომპეტენცია, რომ რაიმე ხელმოსაჭიდი…მაგრამ მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით, რაც ჯერ პირველად ვნახე, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა. მე გავაკეთე საქმე. შვიდჯერ ვაცხე ზეთი, ყოველგვარი კომენტარების გარეშე. არის განცდა, შეგრძნება უბრალოდ, რომ დასუსტებულია ადამიანი, არ ვიცი, მედიცინაშიც ვერ ვერკვევი მაინც და მაინც, მგონია, შიმშილობიდან გამოსვლა უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობა, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად სუსტად არის, მე ვუსურვე, რომ ფიზიკურად გაძლიერებული და ჯანმრთელი იყოს“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება კითხვას, პატრიარქი იყო თუ არა საქმის კურსში, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა, რომ ის არის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა- კურთხევის აღება არ შედის მათ უფლებამოვალეობაში.
„მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
გარდა ამისა, მეუფე ნიკოლოზის თქმით, რაც დრო გადის, უფრო რწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი.
„რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით, აღსარება თქვა, ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ექვსი უკვე მასზე შესრულებულია, მეეშვიდე ჯერ ცოტა ადრეა“, – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.
ასევე, კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის სამზადისი ხომ არ შეინიშნება, მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ ჰოსპიტალში სიმშვიდე იყო.
„ვერაფერს გეტყვით. არავითარი გამოცდილება არ მაქვს, მგონი, თვალით არ მინახავს ის მანქანაც, რითიც გადაჰყავთ. რაც შეეხება მის გარემოცვას, ანუ დაცვას, მომეჩვენა, რომ რუსთავის ციხეში როცა შევედი, ბევრად რთული და მძიმე ბარიერები გავიარე, ახლა რაღაცნაირად სიმშვიდე იყო, არავითარი ფუფსფუსი არ მიგრძვნია“, – დასძინა მეუფე ნიკოლოზმა.