მეუფე ნიკოლოზი - პეტრე ცაავა საზოგადოებას პატრიარქის ლინჩის წესით გასამართლებისკენ მოუწოდებს
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი საბერძნეთიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიტროპოლიტი ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მმართველს, პეტრე ცაავას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და მღელვარების გამოწვევაში ადანაშაულებს, რაც მისი თქმით, კანონით დასჯადია.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, პეტრე ცაავამ ხელყო პატრიარქის ხელშეუვალობა, რომელიც კონსტიტუციითაა დაცული. მეუფე ნიკოლოზის თქმით, პეტრე ცაავას ერთადერთი პასუხი უნდა ყოფილიყო ბოდიში, თუმცა ეს მან არ გააკეთა.
„მხედველობაში მაქვს მეუფე პეტრეს კონკრეტული საქციელი. მე მაშინვე ვუთხარი ყველას, რომ ეს არ არის ბრალდება, არც ცილისწამება, არამედ ეს არის აბსოლუტურად მკაფიოდ წარმოთქმული შეურაცხყოფა, გინება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ. როდესაც პატრიარქმა უთხრა, რატომ მაყენებ შეურაცხყოფას, მან უპასუხა, მე არ გაყენებთ შეურაცხყოფას, მე არ მინდოდა თქვენთვის შეურაცხყოფის მოყენება. მე მაშინ ავდექი სინოდზე, გავაჩერე და ვუთხარი, რომ ეს არ არის პასუხი, კათოლიკოს-პატრიარქი კი არ გეკითხება, რატომ აყენებ შეურაცხყოფას, არამედ გეუბნება, რომ შენ ამას აკეთებ და ერთადერთი პასუხი არის ბოდიში, შენდობის თხოვნა.
ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა, გინება, რომელიც თუ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და მღელვარებას იწვევს, აუცილებლად დასჯადია კანონით. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. შეიძლება ეს იყოს ჯარიმა ან რამდენიმე დღიანი პატიმრობა. ერთის მხრივ, მან ხელყო კათოლიკოს პატრიარქის ხელშეუვალობა და ჩაიდინა მე-5 მცნების დარღვევა,
მეუფე პეტრე აპირებს ყოველგვარი სასამართლო პროცედურის გარეშე პატრიარქი გაასამართლოს, ხალხს მოუწოდოს, რა თქმა უნდა, ნორმალური ადამიანი ასეთ რამეში არ მიიღებს, მარგამ მაინც აპირებს მოუწოდოს საზოგადოების ნაწილს, რათა პატრიარქი გაასამართლონ ლინჩის წესით. ეს არის პილატეს სასამართლო.
დღე ჩვენს ქვეყანას, ეკლესიას ემუქრებიან ლინჩის წესით გასამართლებით. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს არ მოხდეს“,- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.