მეუფე ნიკოლოზი - ხელი, რომელიც ისვრის ტალახს, რჩება ტალახიანი, მიუხედავად იმისა, ტალახი სხვამდე აღწევს თუ ვერა, პატრიარქამდე ტალახი ვერ მიაღწევს
ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ ხელი, რომელიც ისვრის ტალახს, რჩება ტალახიანი, მიუხედავად იმისა, ეს ტალახი სხვამდე აღწევს თუ ვერა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„არსებობს ასეთი ძველი გამოთქმა, რომ ღმერთი დეტალებშია. მინდა, ერთი დეტალის შესახებ მოგიყვეთ. იესო მიდის, ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს. მან უნდა გააცოცხლოს ადამიანი, მიცვალებული უნდა გააცოცხლოს. იგი უეცრად მოტრიალდება და ამბობს, ვინ შემეხო? ყველა გაკვირვებული უყურებს. მოციქულები ეკითხებიან, რომ ამდენი ხალხია გარშემო, უამრავი ადამიანი აწვება იესოს და ამდენი ადამიანის თანდასწრებით მიტრიალდება და ამბობს, ვინ შემეხო? უამრავი ადამიანი შეეხო. მოციქულები ეუბნებიან, რას ამბობ, რას კითხულობ? ის ამბობს, ვიგრძენი ჩემგან გასული ძალა და ბოლოს ერთ-ერთ ქალბატონი იძულებულია, გამოტყდეს. ეუბნება, რომ მე შეგეხე. ეს ქალბატონი შეეხო იესოს სამოთხის კალთას, მისი შესამოსლის კიდეს, განიკურნა ავადმყოფობისგან და ამას ყველაფერს აღიარებს საჯაროდ. იესოს შეეხო უამრავი ადამიანი, ზოგი შეიძლება, მიეჯახა, ზოგი შეიძლება, არაკეთილი განზრახვითაც შეეხო, ვიღაცამ ხელიც კი გაარტყა, ვიღაცამ საერთოდ ჯვარზე გააკრა, მაგრამ ქრისტე ამითი არ იცვლება. როგორც სახარებაში წერია, იესო გუშინ, დღეს და უკუნისამდე ერთი და იგივეა. ამ არჩევანს, როგორ შეეხოს უფალს, ყველა ადამიანი აკეთებს თვითონ. შეეხოს უხეშად, შეურაცხყოფის მიყენებით, თუ შეეხოს ისე, როგორც შეეხო ეს ქალბატონი, მოწიწებით. ყველამ უნდა დაიმახსოვროს კარგად, რომ ხელი, რომელიც ისვრის ტალახს, რჩება ტალახიანი, მიუხედავად იმისა, ეს ტალახი სხვამდე აღწევს თუ ვერ აღწევს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მისი თქმით, დღეს არის განსაკუთრებული წმინდანის ხსენების დღე.
„ესეც არის საოცარი დამთხვევა ამ მოვლენებთან მიმართებით. ეს არის გაერთიანებული ეკლესიის ერთ-ერთი ბოლო წმინდანი. მისი სახელი არის ემერიხი. იგივე იმრე. ეს იყო უფლისწული, რომელიც დაიბადა 1000 წელს და გარდაიცვალა 1031 წელს. მისი წმინდა ნაწილები ინახება ჩვენთან, ახალქალაქში. იმრეს მამა იყო წმინდა იშვან პირველი, დედაც წმინდანი იყო იმრესი. იმრეს მამა, იშხვანი ამზადებდა მეფედ. ისტორიამ შემოინახა 10 მცნება, რომელიც მეფე იშხვანმა დაუწერა თავის შვილს. იქ წერია, მესამე მცნება არის პატივისცემა მაღალი იერარქიისადმი. მეფე იშხვანი ამბობდა – მაღალი იერარქია არის სამკაული ტახტისა და თუ მაღალი იერარქი მართლა დააშავებს რამეს, აუცილებლად უთხარი პირადად სამჯერ, ოთხჯერ და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ის არ გაიგონებს, უნდა გადასცე საეკლესიო სამსჯავროს. შეგეწიოთ მისი მადლი და წინაპრების ეს სიბრძნე. მოციქულთა სწორი თავის შვილს უქადაგებდა, ღმერთმა ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს მოანიჭოს“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
ჩვენ დღეს ვდგავართ სწორედ ასეთი არჩევნის წინაშე ჩვენ დღეს გვყავს პატრიარქი, რომელსაც როგორ შევეხოთ, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, მივიდეთ, ხელზე ვემთხვიოთ და მივიღოთ მისგან ლოცვა-კურთხევა, როგორც მამისგან, თუ მოუვიდეს ვინმეს თავში აზრად და ესროლოს მას ტალახი, რომელიც ვერ მიაღწევს მანამდე, პატრიარქამდე ვერანაირი ტალახი ვერ მიაღწევს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.