მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - უკრაინელებს გარკვეულწილად ვალს ვუბრუნებთ, მახსოვს, აფხაზეთში როგორ ჩამოვიდნენ, იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და დაიღუპნენ კიდეც
სინამდვილეში, ომს იგებს მხოლოდ ეშმაკი, რადგან ლტოლვილებს, დანგრეულ ოჯახებს, დაღუპულ ადამიანებს რაღა გააცოცხლებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მინდა, ყველას ვუთხრა, ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენ პირდაპირ გვეხება ეს ომი. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამ ომში ვმონაწილეობდით. უკრაინის ხალხის ტრაგედია, რა თქმა უნდა, მასშტაბებით ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდია, თავისი ლტოლვილების რიცხვით, ჩვენ ვლაპარაკობდით 300 000 ლტოლვილზე აფხაზეთიდან და უკრაინაში 11 მილიონს გადააჭარბა ამ რიცხვმა, დიდი ტრაგედიაა. მინდა, გითხრათ, რომ ეს არ არის ერთადერთი ტრაგედია დედამიწაზე. თუ ჩვენ ომზე ვლაპარაკობთ, ომი დედამიწაზე სხვა ადგილებშიც მიმდინარეობს, ომი ტრაგედიაა ზოგადად. რაც შეეხება ქართველი გმირების დაღუპვას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეულწილად უკრაინელებს ვალს ვუბრუნებთ ამით, რადგან პირადად მე მახსოვს აფხაზეთში უკრაინელები როგორ ჩამოვიდნენ, ჩემი თვალით ვნახე და გავიცანი ის მეომრები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და დაიღუპნენ კიდეც. ჩვენთვის ერთი ადამიანის სიკვდილიც კი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ომია და სიტყვა ომი ნიშნავს საშინელებას, ნიშნავს ტრაგედიას და უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, თუმცა სამშობლოს იცავს ეს ხალხი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
მისივე თქმით, ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ომი ძალიან მალე დამთავრდება, როგორც ახლა ვართ გაუგებრობაში. სამწუხაროდ, მერეც ვინ გაიმარჯვა, ვინ მოიგო ეს ომი, ამის გარკვევა ძალიან ძნელი იქნება. სინამდვილეში, ომს იგებს მხოლოდ ეშმაკი, რადგან დაღუპულებს, ლტოლვილებს, ამ დანგრეულ ოჯახებს, ამ დაღუპულ ადამიანებს რაღა გააცოცხლებს. ჩვენ უნდა ვილოცოთ“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.