მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - ხე ნაყოფით იცნობა, მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა, ესე იგი, ვერ მოუწამლავს
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - ხე ნაყოფით იცნობა, მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა, ესე იგი, ვერ მოუწამლავს

ხე ნაყოფით იცნობა, ნაყოფი ის არის, რომ მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა, ესე იგი, ვერ მოუწამლავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მცხეთაში განუცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას ესწრება.

მისი თქმით, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, მეუფე შიო მუჯირს ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების ზღვარი, შესაძლოა, მართლაც აქვს მომატებული, თუმცა მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ არის შემთხვევითი.

„დღეს დამირეკეს ამერიკიდან მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. მთელი ამერიკა არის შეშფოთებული, მეუფე შიო რომ მოწალეს, მართალია თუ არა. მე ვუთხარი, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი, რადგან ეს არის, დიდ ბოდიშს გიხდით, კი არ გადანაშაულებთ, მაგრამ თქვენი გავრცელებული ინფორმაცია, საინფორმაციო საშუალებების მიერ. მეუფე შიოს, შეიძლება, მართლაც აქვს სისხლში მომატებული, შეიძლება მეც მაქვს და არ ვიცი, მაგრამ ასეთი ინფორმაციის გავრცელება არ არის შემთხვევითი ამბავი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქმის აღძვრის მოტივაცია არის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.

„თქვენ გამო დაიწყეს გამოძიება. მე რომ ჩავაბარო სისხლი, არ არის გამორიცხული, მეც მქონდეს. მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება ვის ინტერესში შედის, ბოლოდან არის დასაწყები. ეს ჩემი საქმე არ არის. ხე ნაყოფით იცნობა. ნაყოფი ის არის, რომ მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა, ვერ მოუწამლავს ესე იგი“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.