მეუფე იოსები - თუ სახლში დარჩებით, ცოდვა არ არის, ვერ გეტყვით, რომ მე არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა დღეს ჩოხატაურში, იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იქადაგა. მეუფის ქადაგების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ერკეთის დედათა მონასტერი ავრცელებს.
„თუ სახლში დარჩებით, ცოდვა არ არის. შეგიძლიათ, დარჩეთ სახლში, თუ რამე დაავადებები გჭირთ, ან გეშინიათ, მერე რა, მეც მეშინია, იცით? ვერ გეტყვით, რომ არ მეშინია, მაგრამ ღმერთის უფრო მეშინია, ვიდრე ამ ვირუსის. რომც დამემართოს კორონავირუსი, რა პრობლემაა, რა ვიცი, შეიძლება, ქუჩაში დამემართოს, სუპერმარკეტში ისეთი ამბებია, ეკლესია მონაგონია. ნებისმიერ ადგილას შეიძლება, დამემართოს კორონავირუსი. რა ვქნა, თუ ღვთის ნებაა, დამემართება, თუ არაა ღვთის ნება – არ დამემართება. ვაჟკაცობა, რომ მე ვირუსი არ დამემართება, არ შეიძლება. პირიქით, შეიძლება, უფრო დაგემართოს. თავმდაბლობით მივიდეთ უფალთან და ვთხოვოთ, უფალო, შემაძლებინე აღდგომის ღამეს თაყვანი გცე და მოვიდე შენს წმინდა ტაძარში. თუ ვერ მოხვალთ, არც ესაა პრობლემა. ერთი კვირის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ, ეზიაროთ. მე ვერც იმას გეტყვით, არ მოხვიდეო, არც იმას გეტყვით – მოდიო. თქვენი გადასაწყვეტია. მე აუცილებლად მოვალ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენსავით მეც მეშინია, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანია, ვინც გარდაიცვალა და ძალიან დიდი პრობლემებია მსოფლიოში“, – განაცხადა მეუფე იოსებმა.
მისი თქმით, ეკლესიაში არსებული შვიდი საიდუმლოს აღსრულებიდან მრევლს არაფერი გადაედება.
„აშკარად, ეს ვირუსი შექმნილია სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ჩვენ რწმენით, სასოებით, სიყვარულით შევხვდეთ ამ დიდ განსაცდელს. მე 30 წელია, სასულიერო პირი ვარ და ასეთი მარხვა, განსაცდელი არ მქონია. ყველაფერი ღვთის ნებაა, ხალხო! დაგვემართება-დაგვემართება, რა ვქნათ. შეიძლება, გარეთ გავიდე, აგური დამეცეს და გარდავიცვალო. კორონავირუსი მომკლავს, შიმშილი მომკლავს თუ აგური დამეცემა, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადე აუცილებელია, რომ სხვას არ გადავდოთ ჩვენი ავადმყოფობა. არ არის სასურველი ხელზე კოცნები. დარწმუნებული ვარ, არც ჩემგან გადაგედებათ, არც ეკლესიიდან. ეკლესიაში არსებობს შვიდი საიდუმლო და შვიდი საიდუმლოდან არაფერი გადაგედებათ. ეს არის საკურნებელი სულისა და ხორცისა. დანარჩენი – ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა მეუფე იოსებმა ქადაგებისას.
მღვდელთმთავრის თქმით, ლიგურგიის ჩატარება და ზიარება უპირველესია ეკლესიის არსებობისთვის.
„წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. წარმოიდგინეთ, ადრე მუსლიმები შემოდიოდნენ ადრე საქართველოში და ხოცავდნენ ქრისტიანებს. შემოვარდებოდნენ და ვინც წირვაზე იდგა ყველას კუწავდნენ. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, თავს მომაჭრის ვინმე თუ საავადმყოფოში გარდავიცვლები.
როდესაც კონსტანტინეპოლი აიღეს და აია სოფიას ტაძარში შევარდნენ მუსულმანები, არც ერთი ქრისტიანი იქ ცოცხალი არ დატოვეს და მღვდელი, რომელიც აზიარებდა ხალხს, შეტრიალდა, შევიდა საკურთხეველში, გავიდა კედელში და გაქრა. წინასწარმეტყველებაა, რომ ის მღვდელი გამოვა საკურთხევლიდან და გააგრძელებს ზიარებას. ზიარება, ლიტურგია ამაზე დიდი არ არსებობს. ლიტურგია ეს არის უპირველესი, ამის გარეშე აზრი არა აქვს ეკლესიის არსებობას. აქ რომ ლიტურგია არ ჩატარდეს, ეს იქნება ჩვეულებრივი სახლი“, – განაცხადა მეუფე იოსებმა.
მღვდელთმთავარმა მრევლს სოციალური დისტანცირებისა და დეზინფექციის ჩატარებისკენ მოუწოდა.
„შევთხოვოთ ღმერთს, გამოგვიყვანოს ამ უდიდესი განსაცდელიდან. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დავიცვათ ერთმანეთისგან დისტანცია. გაიკეთეთ დეზინფექცია. მე პატრიარქს ვიცნობ 40 წელია. სანამ პანდემია გავრცელდებოდა, მას ჯიბეში სულ ჰქონდა სპირტი. როდესაც წირვას დაასრულებდა, დაისხურებდა ხელებზე და იწმინდავდა. ხოდა, ახლა ეს აუცილებელია. სისუფთავე აუცილებელია“, – აცხადებს მეუფე იოსები.