მეუფე იაკობი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, როდესაც ჩვენი ელჩი დაითხოვა უკრაინიდან
ქართველებმა ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ, იდეოლოგიების მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ იდეა უნდა გვქონდეს, ეროვნული იდეა, სწორად მოვიქეცით, რომ არ ვართ ომში ჩართული, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება, როგორ იქნება, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მომავალი თაობები იყვნენ ბედნიერი.
„ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტზე მაქვს საუბარი, რომელმაც ჩვენი ელჩი, ფაქტობრივად, დაითხოვა უკრაინიდან, მანამდე აქედანაც გაიწვია ელჩი. იმისგან არ გამიკვირდება, რადგან ის არის უკრაინის პრეზიდენტი და ცდილობს, უკრაინა იყოს უფრო წარმატებული, უფრო ძლიერი, ომში შედარებით ნაკლები ძალა უტევდეს, რომ უფრო მეტის გაკეთების შანსი ჰქონდეს, ვიდრე შეუძლია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან სწორი შეფასება გააკეთეს. მინდა, აღვნიშნო, პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და მინდა, ისიც აღვნიშნო, რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში და მოსვლა უნდათ, ბევრმა გააკეთა სწორი დასკვნა. ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, გევალება, რომ, პირველ რიგში, გქონდეს ძლიერი კაცობა, პატარა კაცი არ უნდა იყო.
რა გინდა შენ ჩვენი ქვეყნისგან? პოროშენკოდან დაწყებული, 2014 წლიდან წაიყვანეს ჩვენები მაიდანის მერე, ყველა იქ ჰყავთ, მიშაც მაგათ წაიყვანეს – თვითონ წავიდა მიშა, ხომ? ვინმე რამეს დავუშავებდით. აქ რომ ყოფილიყო, არა მგონია, ვინმეს რამე დაეშავებინა. მერე გამოგვიგზავნეს ბანდეროლით და დღეს ვაიუშველებლი ატეხეს, გეგონება, ადამიანზე ზრუნავენ. მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანზე ზრუნავენ. გეტყვით, რატომ: მიდის უკრაინის ტერიტორიაზე ომი. დადგნენ ჩვენთან და დაიჭირეს ზელენსკის მხარე. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, თუნდაც ომში მყოფი პრეზიდენტის, რომელიც არასწორად გექცევა, იმის მხარე დაიჭირო, ვინ ხარ შენ, ქვეყნის მოღალატე ხარ, ყველამ ბოდიში უნდა მოგვიხადოს. ზელენსკიმ არ უნდა მოგვიხადოს, რადგან თავისი გაჭირვებია, ომი გრძელდება და კონტრშეტევა რომ მიდის, პასუხის სთხოვენ. მართლა ხომ არ ჰგონია, რომ ევროპას, ამერიკას ან საქართველოს იცავს? თავიანთი ომი აქვთ რუსეთსა და მაგას. ომსაც ვერ გააჩერებს. რომ გააჩეროს, თავისთან ხალხი შეჭამს. უცხოეთი აძლევს ფულს, რომ გადაიხადოს ხელფასები, უცხოეთი აძლევს იარაღს, რომელიც ფრონტის ხაზზე პირდაპირ მიაქვს. ლოგისტიკაც ისე აქვს აწყობილი, ყველაფერი მზამზარეული მიაქვთ.
რა გააკეთა ამერიკამ? ომი გარდაუვალი იყო და სათავისოდ გამოიყენა. გვაქვს, ასევე, ევროკავშირი, რომლიდანაც დიდი ბრიტანეთი გავიდა და არავის ახსოვს. ჩვენთან ორჯერ რევოლუცია ლამის მოაწყეს, არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ბრიტანეთი გავიდა და ჰკითხეთ, რატომ გავიდა იქიდან? კანდიდატად რომ მიგვიღებენ, რა უნდა გავაკეთოთ, ვიცით? იმას კი არ ვამბობ, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვა არ იყოს.
ქართველებმა ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ, იდეოლოგიების მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ იდეა უნდა გვქონდეს, ეროვნული იდეა. სწორად მოვიქეცით, რომ არ ვართ ომში ჩართული. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება, როგორ იქნება და ჩემი ქვეყანა მზად არის, რომ კანონებს, რასაც მივიღებთ, ის აღვასრულოთ, ის კი არა, რომ ვიღაცამ გვიკარნახოს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი მომავალი თაობები ბედნიერი იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.