მეუფე იაკობი - უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, არამედ გარეთაც პასუხს მოვთხოვთ
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში შობის დღსასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღვთისმსახურება ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
მეუფე იაკობმა საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე, მეუფე პეტრე ცაავაზე და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„ვითომ სიმართლისთვის იბრძვიან და სინამდვილეში, იმ ადამიანს ჭკუა აქვს, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვს მას. დღეს არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან. ერთია, რას იძახი და მეორე, რას ამტკიცებ.ზოგი ღვთის შვილი ღმერთის გზას მიყვება,ზოგი სამწუხაროდ აცდენლია. ღმერთმა უშველოს ყველას. ვისურვებდი, ცოტა მეტად იფიქრონ, როდესაც გვყავს მამა და შეურაცხყოფენ მას. ტყუილად შეურაცხყოფენ, მის გვერდით ვარ ამდენი წელია და ჩემზე მეტს რას ხედავენ, სად და ვისთან ერთად დადიან გადახედონ. პასუხი უნდა მიიღონ, რაც ეკუთვნით, რჯულის კანონს იძახიან, მიიღებენ რჯულის კანონით, თორე ოდნავი კაცობა რომ ჰქონდეთ, ასე არ მოიქცეოდნენ. ვიცნობ ყველას, ვიცი როგორი ე.წ. ვაჟკაცები არიან. ყველაფერს მიეხედება, მთავარია, არ შეგეშინდეთ. თქვან, რა იციან, ბოლომდე ამოიღონ ხმა, სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ. რა ცოდვამ დააკავშირათ ერთმანეთს, მაგასაც გაჩვენებთ, ნუ ჰგონიათ, ბოლომდე ჩუმად ვიქნები. ღმერთს შევთხოვ, ვიღაცები გონებაზე მოიყვანოს. უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, არამედ გარეთ პასუხს მოვთხოვთ“ ,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე განმარტა, რომ პრეზიდენტმა პატრიარქის და საპატრიარქოს შეთავაზება არ გაითვალისწინა.
ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ დეკანოზი თუ მართალი იქნებოდა, მას ციხეში არ დატოვებდნენ.
„ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქი დაუდგებოდა და მეც დავუდგებოდი გვერდით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში წმინდა სინოდის სხდომის ჩანიშვნა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ თუ გაიმართება, მეუფე პეტრეს საკითხს განიხილავენ.
ამასთან, მეუფე იაკობმა პირობა დადო, რომ პატრიარქის შეურაცხყოფის გამო, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხი მოეთხოვება.
„პეტრე რომ გამოდის და ზედმეტებს ლაპარაკობს, ალბათ მოუწევს მაგაზე პასუხი, ალბათ კი არა მოუწევს და ვაგებინებ პასუხს“ ,- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.