მეუფე იაკობი - როგორც ეკუთვნით ისე რომ მოვექცე, პოლიტიკოსების ნაწილი დაზიანდება, არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ცდილობს, ეკლესია ცუდად წარმოაჩინოს.
მისი თქმით, პოლიტიკოსებსაც სურდათ, აღდგომას ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ ე.წ. ეკლესიის კლასტერი შექმნილიყო.
„აღდგომას გული გაუსკდა ხალხს, რომ ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდა. ძალიან ხომ უნდოდათ ვიღაცებს, ძალიან უნდოდათ პოლიტიკოსებსაც. ჭკუას გვასწავლიდნენ, თვითონ ისწავლონ ჭკუა, იციან, რომ ვიცი, რა წონაც აქვთ საზღვარგარეთ და ჭკვიანად უნდა იყვნენ“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
მისი თქმით, დამსახურებისამებრ რომ მოექცეს, პოლიტიკოსების ნაწილი დაზიანდება. მეუფე ამბობს, რომ საუბარია ოპოზიციის ნაწილზე.
„რაც ეკუთვნით ისე რომ მოვექცე, უბრალოდ პოლიტიკოსების ნაწილი დაზიანდება, ხალხი სხვანაირად შეხედავს, როგორ იქცევიან და რას აკეთებენ, როგორ ცდილობენ, ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ. კრიტიკა გასაგებია, მაგრამ როცა რამეს ვაშავებ, ცუდად რომ მოვიქცევი, უნდა მიმითითო, თუ ვერ ვხვდები, შეგიძლია, ჩემს საქციელზე ილაპარაკო. მე არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც.
მთავრობას არ ვგულისხმობ, მთავრობა ბოლომდე ცდილობდა, წირვები არ ჩატარებულიყო, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო. რომ არ ჩატარებულიყო, ცუდი მოხდებოდა საქართველოში. მსოფლიოში რაც ხდებოდა, ნახეთ. როგორ იოლად მიდის, მძიმებიც კი არ გვყოლია იმდენი. ექიმებმაც ისწავლეს მართვა. რა თქმა უნდა, ისევ ისინი იკბინებიან, ოპოზიციის ფრონტიდან, ყველას არ ვამბობ, ძალიან ბევრი ეკლესიაში მოდიოდა და ძალიან ბევრი გაემიჯნა. მაგალითად, როდესაც უნდა მიეღოთ საგანგებო მდგომარეობა, გახარებულებმა მისცეს ხმა, ეგონათ, ეკლესიას ჩაკეტავდნენ, რომ მიხვდნენ, რომ გაბრიყვდნენ, ნახეთ როგორ იქცევიან. იმათ თუ უსმენენ, მეც მისმენენ, მეც შემიძლია, შეხვედრა მოვუწყო საზღვარგარეთ. დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და შეხედავენ, როგორ დაელაპარაკებიან. არ შეიძლება, როგორც იქ იქცევიან ეკლესიის მიმართ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.