მეუფე იაკობი - ქვეყნის 20 პროცენტი როდესაც უცხო ქვეყანას წართმეული აქვს და იქ დიდი ბაზები აქვთ, იტყვის, რომ ნარკოტიკი შენი ქვეყნიდან შეედინება და შემოიჭრება
ქვეყნის 20 პროცენტი როდესაც უცხო ქვეყანას წართმეული აქვს და იქ დიდი ბაზები აქვთ, იტყვის, რომ ნარკოტიკი შენი ქვეყნიდან შეედინება და შემოიჭრება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„ალბათ ხალხი პოზიციას ჩვენთან ერთად დააფიქსირებს. ჩვენს ხალხთან ერთად ვიდგებით. დიდი საფრთხეა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია. როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი უცხო ქვეყანას წართმეული აქვს და იქ დიდი ბაზები აქვთ, იტყვის, რომ იქ ნარკოტიკი შენი ქვეყნიდან შეედინება და შემოიჭრება. გარეთ შეშფოთდებიან და წაგებული ხალხი დავრჩებით. მუქარა არ იყო, მე ის ვთქვი, რასაც გავაკეთებთ. დემოკრატია უმრავლესობის მმართველობას ნიშნავს და მთავრობა ხალხის გარეშე მსგავს საკითხებს არ უნდა წყვეტდეს. უფლება არ აქვს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობმა დღეს განაცხადა, „ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები მიმდინარეობდა და დავსუსტდით. თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებ“.
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.